„ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება“

„ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება“, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საპენსიო, კაპიტალის ბაზრის რეფორმებსა და ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს განიხილავენ.

„ჩემი აზრით, ახალი რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება. ამასთან დაკავშირებით, სებ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვქონდა. მათთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ეროვნულ ბანკს და ბიზნესს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, აღნიშნულ რეგულაციებში გარკვეულ ცვლილებას შევიტანთ,“-აღნიშნა ჭირაქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციებით, მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა იზღუდება. კერძოდ, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტად. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში.

ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.