ბათუმიდან 27 კილომეტრში არის ერთი ადგილი. აქ კლდეებიდან წყაროები მოსჩქეფს, ფოთლებით მოფენილ ბილიკებს აღმართ-დაღმართებზე ჩანჩქერისკენ მიჰყავხარ, ჰაერში მწვანე, დაბურული ტყის სუნი ტრიალებს და სუნთქვას გიადვილებს, სადაც ხეების ჩრდილქვეშ ჯერ შეიძლება წვიმა წამოგეწიოს და შუბლი გაგიგრილოს, 15 წუთის შემდეგ კი ფოთლებზე მძივებივით დაკიდულ წვიმის წვეთებს მზის სხივები ააციმციმებს.
ეს მტირალას ეროვნული პარკია, რომლის უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს. აქ უნიკალურ, ხელუხლებელ კოლხურ ტყეებსა და გადაშენების პირას მყოფ მცენარეთა ენდემურ სახეობებს ნახავთ: კოლხურ ბზას, პონტოს მუხას, უთხოვარსა და უნგერნის შქერის ყვავილობას – გაზაფხულზე.
მტირალამდე მისვლა ადვილია. თუ უშუალოდ მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრამდე ვერ მიდიხართ მანქანით, მაშინ ბათუმიდან ჩაქვის ცენტრამდე მარტივად, 70 თეთრად წახვალთ #40 ან ნებისმიერი სამარშუტო ტაქსით, რომელიც ჩაქვს გაივლის. დაბა ჩაქვის ცენტრში ჩამოხვალთ და იქვე მყოფ ტაქსის მძღოლებს შეგიძლიათ მოელაპარაკოთ. ვიზიტორთა ცენტრამდე ტაქსი დაახლოებით 25 ლარად მიგიყვანთ.
ეგზოტიკურობის ნიშნით ჩვენ არჩევანი ძველ, საბჭოთა მანქანაზე შევაჩერეთ და მტირალას გზას დავადექით.
მტირალას პარკამდე სოფელ ხალას გაივლით, გზად მთებზე შეფენილი სოფლები: გორგაძეები და ჩაისუბანი მოჩანს. სამანქანე გზა მდინარე ჩაქვისწყალს მიუყვება, კლდეებიდან ანკარა, ცივი წყაროები მოსჩქეფს, მდინარეზე ალაგ-ალაგ „ბეწვის“ ჭრიალა ხიდებია გადებული, ამ ადგილებში შეგიძლიათ მანქანა შეაჩეროთ და რწევა-რწევით გადახვიდეთ-გადმოხვიდეთ ხიდზე.
ვიზიტორთა ცენტრში ასულებს სხვადასხვა ბილიკის დალაშქვრას შემოგთავაზებენ. ნებისმიერი მარშრუტის არჩევისას დაცულ ტერიტორიაზე, სოფელ ჩაქვისთავში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას ნახავთ. ოჯახები, რომლებიც ვნახეთ, ხელუხლებელ ბუნებრივ გარემოში ცხოვრობენ, ეზოებში ფუტკრების ფერადი სკები უდგათ – იქვე შეგიძლიათ იყიდოთ ეკოლოგიურად სუფთა ცაცხვისა და წაბლის თაფლი.
მტირალას პარკში, წყაროებთან ახლოს, სიძველისგან მორებგაცვეთილ, ხის პატარა ნაგებობებს ნახავთ. ეს სოფლის პატარ-პატარა წისქვილებია, სადაც სიმინდის მარცვლებს დღემდე ისე ფქვავენ, როგორც ასზე მეტი წლის წინ: სუფთა, წყლის ენერგიაზე მომუშავე დოლაბების საშუალებით.
როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მტირალას ძველი წისქვილები ასზე მეტი წლისაა. წისქვილების უმეტესობა ბოქლომითაა ჩარაზული, თუმცა ფუნქციონირებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცნობისმოყვარე ტურისტებს ხშირად უნდათ წისქვილში შესვლა, რაც სასურველი არ არის, სიმინდის დაფქვა ძალიან სუფთა პროცესი უნდა იყოს, ამ ფქვილისგან მჭადს ამზადებენ და უგემრიელეს ბორანოსთან ერთად მიირთმევენ.
როცა მოგშივდებათ, საოჯახო რესტორანში სადილ-ვახშმის შეკვეთა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ადგილობრივები შინ მოყვანილი პროდუქტებისგან დამზადებული ტრადიციული კერძებით გაგიმასპინძლდებიან. ხილი, ბოსტნეული, ხორცი და რძის პროდუქტები – აქ ყოველთვის საკუთარი და ახალი აქვთ, ამიტომაც აქვს დაუვიწყარი გემო აქაურ კერძებს: ბორანოს, სინორს, ცხელ ხაჭაპურსა და უამრავ სხვას.
კერძებს აქ მტირალას ტყეების სიმწვანეში, სუფთა ჰაერზე შემოგთავაზებენ, თუმცა ჩვენ საღამოს სიგრილეში ვივახშმეთ და ბუხართან ვარჩიეთ კერძების დაგემოვნება. დიასახლისი გვიხსნის, რომ ბორანო ახალგამომცხვარი, ცხელი მჭადით უნდა მივირთვათ, მჭადმა კარაქში მოხარშული, მდნარი ყველი უნდა შეისრუტოს. ასე მიირთმევენ ამ განთქმულ აჭარულ კერძს.
თუ დამწყები მოლაშქრე ხართ და დიდხანს მთებში ფეხით სიარულის გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, თქვენთვის იდეალური მარშრუტი იქნება მტირალას პარკის 7-კილომეტრიანი წაბლნარის ბილიკი, რომელიც მდინარე ჩაქვისწყალს მიუყვება. ამ გზაზე წყავით, კოლხური ბზითა და როდოდენდრონის ბუჩქებით მოფენილ ტყეს გაივლით, რომელსაც 15-მეტრიან ჩანჩქერამდე და ტბამდე მიჰყავხართ.
ცივწყაროს 15-კილომეტრიანი ბილიკი ორდღიანი მარშრუტია. ამ გზის არჩევისას მოლაშქრეები ხელუხლებელ, ველურ ბუნებას ნახავენ, კოლხურ, ფართოფოთლოვან შერეულ ტყეს და წიფლის კორომებს, სადაც ხშირად ეწყობა სამეცნიერო დაკვირვებები ხელუხლებელ ფლორასა და ფაუნაზე. გზად საპიკნიკე, კარვის გასაშლელი და ცეცხლის დასანთები ადგილები გხვდებათ. ბილიკზე მრავლადაა მინიშნებები, რაც ორიენტაციაში გეხმარებათ. როცა 15-კილომეტრიან მანძილს დაძლევთ, ცივწყაროს გზის ბოლოს მიადგებით 1250 მეტრზე მდებარე, ხეებში ჩაფლულ ტურისტულ თავშესაფარს.
ექსტრემალური გართობის მოყვარულებს მტირალას პარკში მაღალ ხეებს შორის გაბმული ზიპლაინით შეუძლიათ ისარგებლონ და 200 მეტრის სიგრძის ბაგირზე ისრიალონ ჰაერში გამოკიდებულებმა. პარკის დალაშქვრისას ამ სიამოვნების მოკლება არ ღირს. ბაგირს საიმედოდ მიბმული თოკებით ეკიდებით, ხელებს შლით და მიფრინავთ.
მდინარე ჩაქვისწყალზე გადასასვლელად მტირალას პარკში ერთგან, გზის დასაწყისში, უცნაური გამოგონებით შეგიძლიათ ისარგებლოთ: ერთი ნაპირიდან მეორეზე აქვე მცხოვრები ხასან გორჯელაძის მიერ გამოგონილი ხის საბაგიროთი გადახვალთ, საჭეს დაატრიალებთ და მეორე ნაპირზე აღმოჩნდებით.
თუ უკან დაბრუნებისას პარკში გზად დაგაღამდებათ, ღია ცის ქვეშ მოწყობილ რესტორან „მტირალასთან“ შეგიძლიათ შეისვენოთ, სადაც ყველაფერი განათებულია და ლაშქრობის დასასრულს ზღაპრის შთაბეჭდილებას გიქმნით, ხეებზე დაკიდებული გირლანდებითა და მოციმციმე ხიდით.
პარკის სახელწოდება – „მტირალა“ გვეუბნება, რომ წვიმა აქაური, ველური ბუნების მთავარი მასპინძელი და ეგზოტიკის ნაწილია. ღამით, ძილის წინ, შეგიძლიათ უსმინოთ, როგორი ხმა აქვს შქერის ტყეში ძლიერ წვიმას. კარავსა თუ სასტუმროში დაბანაკებულებს მტირალას ღამე არასდროს დაგავიწყდებათ, მთავარია სწორად იყოთ აღჭურვილი მსუბუქი საწვიმრითა და ბოტებით.
ტურისტული სეზონი მტირალას პარკში ოფიციალურად მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, მაგრამ ნუ დაელოდებით ოფიციალურ თარიღებს, მტირალაზე აპრილშიც ყვავის გადაშენების პირას მყოფი უნგერნის შქერი და ასეთ დროს ტყეში ხეტიალი ერთი დიდი და დაუვიწყარი სიამოვნებაა.
სერვისების ფასები მტირალას პარკში:
ზიპლაინი (ბაგირზე დაშვება): 15 ლარი კარავი: 10 ლარი
ზურგჩანთა: 5 ლარი
საძილე ტომარა: 5 ლარი
საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე): 100 ლარი
ცხენით მომსახურება: 50 ლარი
საპიკნიკე ადგილი 5 ადამიანზე – 10 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 5 ლარი
საპიკნიკე ადგილი 10 ადამიანზე – 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 10 ლარი
საკარვე ადგილი: 1 ადამიანი – 5 ლარი
ცხენის ქირაობა: 1 დღე – 50 ლარი; საკონტაქტო პირები: ხვიჩა კონცელიძე – ტელ: 558 65 39 62; მერაბ კონცელიძე – ტელ: 593 61 28 50
ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით
ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის მეორე ნახევრამდე
ენდემური მცენარეების ყვავილობის პერიოდია – პონტოს და უნგერნის შქერის – აპრილი-ივნისი; ვორონოვის თეთრყვავილას – მარტიდან აპრილის პირველ ნახევრამდე
ზიპლაინი ფუნქციონირებს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით
განთავსება:
ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში: 1 ადამიანი – 20 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის – 10 ლარი
ვიზიტორთა ცენტრში (სოფ. ჩაქვისთავი): ორადგილიანი ნომერი – 50 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის – 30 ლარი
ღამით შეგიძლიათ საოჯახო სასტუმროებშიც დარჩეთ, სადაც ფასი მოლაპარაკების საგანია.