ვახტანგ ბუცხრიკიძე - ქართული საბანკო სექტორი დღეისთვის მდგრადი და მართვადია

„ქართული საბანკო სექტორი დღეისთვის მდგრადი და მართვადია“, - ამის შესახებ თიბისი ბანკის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების შესახებ პარლამენტის საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა.

„დღეისთვის ქართული საბანკო სექტორი არის მდგრადი და მართვადი. რაც შეეხება ჭარბვალიანობას, ეს დეფინიციის თემაა - ვინ როგორ შეაფასებს. ტრენდს რომ შევხედოთ, საბანკო სესხების ზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა ზღვარს გადასული არ არის. ვადაგადაცილებულ სესხებს თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ გაცილებით კარგი მდგომარეობა გვაქვს,“-აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, გარკვეული საუბარი მიდის ასევე, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით გარკვეული ზღვარი დაწესდეს.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციებით, მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა იზღუდება. ამასთან, სებ-ი მუშაობს დოკუმენტზე, რომლითაც, სესხის გაცემისას შემოსავლების შემოწმება სავალდებულო გახდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ჭარბვალიანობა სახელდება.

მათი ცნობით, მზარდია იმ ფიზიკური პირების დაკრედიტება, რომელთაც შემოსავლებთან მიმართებაში ვალის მაღალი ტვირთი აქვთ. ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებში ხდება საცალო დაკრედიტების ბიზნეს მოდელის ისეთი ცვლილება, რომელიც ნაკლებ ყურადღებას უთმობს შემოსავლების წყაროს.