ავეჯის ქართული საწარმო „იმერი “, რომელიც უკვე 18 წელია ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობს, უახლოეს თვეებში პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
ამ ეტაპზე კომპანიის მფლობელები ექსპორტის მიმათულებით მუშაობენ და განიხილავენ შესაძლო ბაზრებს, სადაც საკუთარ ნაწარმს გაიტანენ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „იმერი “-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა როსტომ ჩინჩალაძემ განუცხადა, თავდაპირველად ახდენდნენ მასალების ნაწილობრივ დამუშავებას
„საქმიანობა 2000 წელს რამდენიმე ადამიანმა დავიწყეთ და ბიზნესში პირველადი ინვესტიცია 20 000 დოლარი ჩავდეთ. კომპანია ავეჯის მასალების იმპორტს, ნაწილობრივ დამუშავებას და რეალიზაციას ახდენდა. წარმოების ნიშნები ყოველთვის იყო, მაგრამ სრულ კომპლექტს არ ვაკეთებდით. 4 წლის წინ კი, უშუალოდ ავეჯის წარმოება დავიწყეთ. ვაწარმოებთ რბილ, საოფისე, სასტუმრო, სამზარეულო, შემოსასვლელისა და საძინებლის ავეჯს. საკუთარი წარმოების დაწყება გაფართოების გამო გადავიწყვიტეთ, ასევე, ყველაფერი უფრო სწორად დავალაგეთ, რამაც მეტი საქმის კეთების შესაძლებლობა გაგვიჩინა. გაფართოებასთან ერთად, დასაქმებულების რაოდენობა გაიზარდა. დაახლოებით 170 ადამიანი გვყავს დასაქმებული“, - აღნიშნავს ბატონი როსტომი.
მისი თქმით, ავეჯის წარმოება იმპორტირებული ნედლეულის გარეშე ვერ ხდება, თუმცა შემოტანილი მასალა ისე გადამუშავდება, რომ ნაწარმი ქართული წარმოშობის სერთიფიკატს იმსახურებს.
„იმპორტის გარეშე წარმოებას ვერ შევძლებთ, რადგან არის ნედლეული, რომელიც ჩვენთან არ იწარმოება . ჩვენ პროდუქციას წარმოშობის სერტიფიკატი ქართული აქვს . ვგეგმავთ ექსპორტზე გატანას. ამ ეტაპზე ექსპორტის მიმართულებაზე და ბაზრების მოძიებაზე ვმუშაობთ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
რაც შეეხება მომხმარებელს, თუ რა ფენაზეა გათვლილი „იმერი “-ის ავეჯი, როსტომ ჩინჩალაძის თქმით, პროდუქციის ფასები ხარისხის მიხედვით სხვადასხვაა.
„ჩვენი მომხმარებელი არის საზოგადოების ყველა ფენა. პროდუქცია ყველაზე იაფიდან ყველაზე ძვირის ჩათვლით გვაქვს. მასალა თურქეთდან, იტალიიდან, ესპანეთიდან შემოგვაქვს და შესაბამისად, მათგან დამზადებული ავეჯიც სხვადასხვა ფასის და ხარისხისაა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას რაც შეეხება, მცირე რაოდენობით არის ზრდა, დიდი ცვლილება არ არის. ავეჯს როგორც ადრე ყიდულობდნენ, ისე ყიდულობენ ახლაც, თუმცა ოდნავ უფრო გაზრდილია გაყიდვები“, - აღნიშნავს ჩინჩალაძე.
მისივე თქმით, საქმიანობა ჯანსაღ კონკურენციაში უწევთ: „ჩვენი კონკურენტი არის როგორც იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივი ნაწარმი, რადგან ერთსა და იმავე მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. ჩვენი მიზანია, რომ იმპორტირებულს ფასით ვაჯობოთ და მომხმარებელს უფრო დაბალი ფასი და მაღალი ხარისხი შევთავაზოთ. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის ხარისხი, ადგილობრივი წარმოების ავეჯზე უკეთესია. თუმცა მთლიანად იმ დონეზე არ ვართ, როგორც იმპორტირებული ევროპული ავეჯი“, - აცხადებს ჩინჩალაძე.
მისივე თქმით, მათი დამზადებული ავეჯით უკვე მოეწყო რამდენიმე სასტუმრო და ოფისი.
„იმერი “-ს აქვს ორი ფილიალი თბილისში, ორი ქუთაისში და საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ოფისი სავაჭრო ცენტრ „ოთხიანი“-ში . პროდუქციის სასაწყობო და სამეწარმეო მეურნეობა ქუთაისში ხორციელდება, სადაც სერიულ და ინდივიდუალურ ავეჯს ამზადებენ. მაისში კომპანიას თბილისში კიდევ ერთი მაღაზია შეემატება.
თეონა კენჭიაშვილი