„თუ სწორად დავგეგმავთ და განვავითარებთ WELLNESS ტურიზმს, ჩვენ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ თურქეთს, სადაც მაღალი ხარისხის მომსახურებაა და ინფრსტრუქტურაც დახვეწილია”
- ამის შესახებ ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სამკურნალო ტურიზმის მიმართულება განვითარდეს.
„ქვეყანაში სამკურნალო ტურიზმის პოტენცილი მაღალია, მაგრამ შესაბამისი და დახვეწილი
ინფრასტრუქტურა ძალიან ცოტაა. გაგვაჩნია ბუნებრივი რესურსები, რასაც სჭირდება სხვა უზრურველყოფა: კომფორტი შესაბამისი ადამიანური რესურსი, პოზიციონირება და მარკეტინგი. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ საქართველო WELLNESS ტურიზმისთვის მზად არის. ქვეყნები, სადაც WELLNESS ტურიზმი განვითარებულია, ტურისტებს არჩევანს სთავაზობენ. ჩვენთან დიდი არჩევანი არ არის, თუმცა სამკურნალო ტურიზმის განვითარება შესაძლებელია“, - აცხადებს ია თაბაგარი.
კითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს სტრატეგია და როგორ უნდა იხელმძღვანელოს ქვეყანამ, რომ სამკურნალო ტურიზმის მიმართულება შემოსავლის მომტანი იყოს, თაბაგარი პასუხობს, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს ჯანსაღი და მდგრადი გარემო, მომსახურების ხარისხი, მიმზიდველი ინფრასტრუქტურა და სხვა მრავალი ფაქტორი.
„სტრატეგია უნდა დაიწეროს არამხოლოდ სამკურნალო ტურიზმის, არამედ ყველა მიმართულებით. დეტალურად, კალენდარულად უნდა გაიწეროს, რომელ ეტაპზე რა გაკეთდება, რა პირობებია ინვესტირებისთვის, ვისთვის იქნება გათვლილი WELLNESS ტურიზმი და პარალელურად უნდა ხდებოდეს პროფესიული კადრების აღზრდა/გადამზადება. ამას წლები სჭირდება. ზოგადად ტურიზმი ისე უნდა დავგეგმოთ, რომ ის მდგრადი გახდეს თავისი მიმზიდველი სუფთა ბუნებით, კულტურით, მაღალი ხარისხით და ა.შ.
რაც შეეხება კონკრეტულად სამკურნალო მიმართულებას, სჯობს ხარისხი იყოს მაღალი, ჩამოვიდეს შედარებით ნაკლები ტურისტი, მაგრამ მაღალბიუჯეტიანი, რაც ნაკლებად დააზიანებს გარემოს. ასევე, ყველამ გადაიხადოს გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას“, - განმარტავს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ოფიციალური კვლევა არ არსებობს, თუ რა წილი უკავიათ იმ ტურისტებს, რომლებიც საქართველოში სამკურნალო დანიშნულებით შემოდიან. ია თაბაგარის თქმით, სახელმწიფოს ინიციატივით მსგავსი კვლევები უნდა ტარდებოდეს.
„როცა განვითარებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, ვინ რისთვის ჩამოდის, რა მოთხოვნილებები გააჩნიათ, რა მოსწონთ, ან რა არ მოსწონთ. ასეთ შემთხვევაში გვეცოდინება, რამდენი ტურისტი შემოდის საშუალოდ ქვეყანაში, ვინც სამკურნალო მიმართულებით არის დაინტერესებული და რამდენად აკმაყოფილებთ არსებული პირობები“, - აცხადებს თაბაგარი.
თაბაგარის თქმით, გვაქვს ბევრი სამკურნალო ადგილი, სადაც სპეციალური ტალახი, მინერალური წყლებია, სასარგებლო ჰაერია, თუმცა ამ რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ.
თეონა კენჭიაშვილი