მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და მერიის წარმომადგენლებთან ორგანიზაცია „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ, სადაც მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებაზე იმსჯელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა იქნება ბოლო, სადაც ისინი მერიისგან მოისმენენ კონკრეტულ პასუხს, მოემატებათ თუ არა მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასები 43%-ით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატი კაპანაძე აღნიშნავს, რომ თანაშრომლები, რომლებიც ორგანიზაცია „ერთობა 2013“-ში არიან გაწევრიანებული და რომელთა რაოდენობა 300-ს აღემატება, გაიფიცებიან, რამაც შეიძლება დედაქალაქში მეტროპოლიტენის პარალიზება გამოიწვიოს. გადაწყვეტილება შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„დღევანდელი შეხვედრა იქნება ბოლო, სადაც ჩვენ მოვისმენთ თბილისის მერიის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება თუ არა მეტროპოლიტების თანამშრომელთა ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ხელფასების მომატებას ეხება. თუ მერია არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას, იგეგმება ფართომასშტაბიანი გაფიცვა, რამაც შესაძლოა მეტროპოლიტენის პარალიზება გამოიწვიოს. უფრო კონკრეტულად სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ“, - განაცხადა რატი კაპანაძემ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით თბილისის მერიას კომენტარი არ გაუკეთებია.