თბილისის მერიასა და ორგანიზაცია „ერთობას 2013“-ს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა გუშინ თბილისის მერიაში დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ „ინტერპრესნიუსს“ „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლებმა და თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა განუცხადეს, თბილისის მერიამ მათ მოთხოვნაზე, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასები 43%-ით მოემატოთ, უარს თქვა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ მეტროპოლიტენის 300-მდე თანამშრომელი კვირას შეიკრიბება და სამოქმედო გეგმას გააჟღერებს. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება გაფიცვა. მეტროპოლიტენის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ გაფიცვის შემთხვევაში შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენში მნიშვნელოვანი შეფერხებები მოხდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის მერიის წარმომადგენლებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება მედიაციას, რომელსაც მხარეებს შორის ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა, დასრულებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.