2018 წლის 7 მაისიდან, მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს სესხების გაცემა ეზღუდება. ეროვნული ბანკის სამუშაო დოკუმენტის თანახმად, უკვე გაწერილია ფიზიკურ პირებთან მიმართებაში გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზის პრინციპები.
დოკუმენტში გაწერილია თუ რა ოდენობის სესხის მიღებას შეძლებენ თვითდასაქმებულები, პირები, რომელთა შემოსავლებიც მესამე დამოუკიდებელი მხარეებისაგან მიღებული დოკუმენტებით არ დასტურდება.
კერძოდ, სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ტაქსის მძღოლების, რეპეტიტორების (კერძო პრაქტიკით დაკავებული მასწავლებლების) და პროფილაქტიკის ხელოსნების შემთხვევაში სესხის მოცულობამ სასურველია 6 ათას ლარს არ გადააჭარბოს. გამონაკლისი შემთხვევებში კი მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აღნიშნულ ლიმიტს აჭარბებს, დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული.
ძიძებთან მიმართებაში სებ-ის სამუშაო დოკუმენტში განსაზღვრული ლიმიტი - 2 ათასი ლარია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სესხის მოცულობა ამ თანხას აჭარბებს, მიზეზების დეტალურად აღწერა და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირება იქნება საჭირო.
დალაქის/სალონის ხელოსნის შემთხვევაში - სესხის მოცულობა 3 500 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. წინაღმდეგ შემთხვევაში კი საჭირო იქნება მიზეზების აღწერა და დოკუმენტირება.
რაც შეეხება პირებს, რომლებიც სესხს გზავნილების მიხედვით იღებენ, მათ შემთხვევაში - სესხის მაქსიმალური ოდენობა 2 ათასი ლარია.