მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი რეპერი კანიე ვესტი ახალი ალბომის გარეკანზე მისი გარდაცვლილი დედის პლასტიკური ქირურგის ფოტოს დაიტანს. როგორც რეპერმა განაცხადა, ის ამიერიდან აპირებს ყველა წყენა და ბრაზი დაივიწყოს.
ეს ნამდვილად უწყინარი ინფორმაცია იქნებოდა, რომ არა ალბომის გარეკანზე გამოტანილი ფოტო და ამ ფოტოს გზავნილი. საქმე იმაშია, რომ კანიე ვესტის დედა 2007 წლის ნოემბერში პლასტიკური ოპერაციიდან მეორე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. ამაში კი ოჯახის წევრები გარკვეულწილად მისი ქირურგის ჯენ ადამსის ბრალს ხედავდნენ. თუმცა ექსპერტიზის დასკვნით, დონდა ვესტის გარდაცვალების მიზიზი გულის პრობლემა გახდა და მას კავშირი არ ჰქონდა მის მრავალრიცხოვან პლასტიკურ ოპერაციებთან. ქირურგის განცხადებით, პაციენტი სრულიად მზად იყო მორიგი ოპერაციისთვის და მას არ შეეძლო გამოეწვია ფატალური შედეგი. მისივე თქმით, არც მედდას დაუდევრობასთან შეიძლება გვქონოდა საქმე.
„მე მინდა ვაპატიო და შევწყვიტო სიძულვილი“ - განაცხადა ვესტმა, როდესაც განმარტა ქირურგის ფოტოს გარეკანზე გამოყენების გადაწყვეტილება. ალბომის სახელწოდებად რეპერმა Love Everyone შეარჩია და მისი გამოსვლა 1-ლი ივნისისთვის დაანონსა.
კანიე ვესტი მსოფლიოში სახელგანთქმული რეპერია, რომელსაც მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მაღალშემოსავლიან პერსონად მიჩნევენ.
კოკა კვირკველია