როგორ გაიყიდა 2-მილიონიანი ნაკვეთი ჩალის ფასად

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მოსახლეობა მუნიციპალიტეტს უჩივის­ - სამართლებრივი დავა მას შემდეგ­ დაიწყო, რაც 2016 წელს ზღვისპირა ნაწილის 2 ჰექტარი, პრივატიზაციის შემდგომ, არც მეტი, არც ნაკლები, 9.100 ლარად გაიყიდა.

დეტალებზე "კვირის პალიტრას" ადვოკატი კახა ჩავლეშვილი ესაუბრა:

- სოფელ შრომის ტერიტორიულ ერთეულში ურეკის ტერიტორიის ნახევარიც არის მოქცეული, ლაპარაკია ზღვისპირეთის­ ნაწილზე. სწორედ ამ ნაწილში სოფელ შრომის სკოლაა და იქვე არსებულ მიწის ნაკვეთებს სკოლა იყენებდა, მათ შორის, საცდელ მეურნეობად, სტადიონად და ა.შ. ეს არის საჯარო სივრცე, რომელიც წლების­ განმავლობაში დაურეგისტრირებელი იყო და ვერც ერთმა ხელისუფლებამ მისი პრივატიზება ვერ გაბედა. სამაგიეროდ, ეს მოხერხდა 2016 წელს - 2 ჰექტარი ნაკვეთი მუნიციპალიტეტმა გაატ­არა რეგისტრაციაში და აუქციონზე 19 950 კვმ გაიტანა გასაყი­დად, 1 კვმ - 50 თეთრად. გაუგებარია, შეფასების ექსპერტმა როგორ დაიანგარიშა ურეკის ზღვისპირა ნაწილში 1 კვმ მიწა 50 თეთრად, როდესაც ჩვენ მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა 1 კვმ 1109 ლარად შეაფასეს, მთლიანობაში კი მიწის ღირებულება შეადგენს 2 მილიონ ლარზე მეტს.

- აუქციონზე 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაახლოებით 9000 ლარად გაიყიდა?

- დიახ, 9100 ლარად შეიძინა ლაშა მგელაძემ, სოფელ შემოქმედის მკვიდრმა და გურიის ამჟამინდელი გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის უახლოესმა მეგობარმა. მეტიც, მოსახლეობა­ ამბობს, რომ მგელაძე ფორმალურად არის მყიდველი და მიწა გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ იყიდა. ლოგიკურადაც რომ ვიმსჯელოთ, მუნიციპალ­იტეტის საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ ნაკვეთს ყოველგვარი პროცედურების გარეშე შეიძენდით?

- რა ტიპის პროცედურებია დარღვეული?

- როდესაც მუნიციპალური ქონება იყიდება, უპირველესად ის მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ზოგადი­ ადმინისტრაციული კოდექსი გვეუბნება, რომ სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გასხვისებას ახლავს შესაბამისი საჯარო-ადმინისტრაციული პროცედურები. სხვათა შორის, სანამ მიწას შეიძენდა ლაშა მგელაძე, ერთ-ერთმა მოსახლემ განაცხადა, ჩვენთან სოფლის დეპუტატი დავით ჭაკნელიძე მოვიდა და გვითხრა, ამ მიწის საბუთები იქნებ მოძებნოთო. როდესაც ვკითხეთ, რაში სჭირდებოდა, გვიპასუხა, იქნებ გადავარჩინოთ ეს მიწა, ზევიდან დავალებაა გაცემული, რომ გაიყიდოსო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: აუქც­იონზე ნაკვეთის შეძენიდან მალევე ლაშა მგ­ელაძემ 2 ჰექტარიდან გამოყო 1 500 კვმ და 52.000 დოლარად ყიდდა (თავად კი 1 500 კვმ 750 ლარი დაუჯდა). ეს მიანიშნებს ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებას. როდესაც საჩივარი შევიტანეთ, ორივე მიწის ნაკვეთი სასამართლომ დააყადაღა, მეტიც, ცოტა ხნის წინ გამოვიკვლიეთ, რომ მიწა ანტიკორუფციულმა სამსახურმაც დააყადაღა, მიზეზად დასახელებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

- გურიის გუბერნატორის წინააღმდეგ?

- დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებენ. მერაბ ჭანუყვაძე 2016 წელს ოზურგეთის გამგებელი გახლდათ, სწორედ ამ პერიოდში­ დაიწყო მიწის პრივატიზება, თუმცა გასხვისდა 2017 წლის 12 ნოემბერს, მაშინ ჭანუყვაძე შვებულებაში იყო არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მის ნაცვლად ხელი დოკუმენტებს მოაწერა გამგებლის მაშინდელმა მოადგილემ, არჩილ ყაზაიშვილმა. ვფიქრობ, გამოძიებას ნამდვილად ექნება მწვავე კითხვები გუბერნატორთან.

კახა ჩავლეიშვილთან საუბრის შემდეგ, გურიის გუბერნატორ მერაბ­ ჭანუყვაძეს დავუკავშირდით: - ყველაფერი ტყუილია, იქნებ აქვთ მტკიცებულება, როგორ შეიძინა უკანონოდ ლაშა მგელაძემ ნაკვეთი? 

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 30 აპრილის ნომერში

ან გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად