აუდიტის ობიექტების მიერ გამოცხადებული ტენდერების საშუალოდ 22% - უშედეგოდ, ხოლო 28% კონკურენციის გარეშე სრულდება, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ტენდერების კონკურენციის გარეშე და უშედეგოდ დასრულება მეტწილად შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების არასათანადო წარმართვას უკავშირდება.
„ტენდერების გამოცხადების ეტაპზე შემსყიდველმა უნდა გაითვალისწინოს ბაზრის კვლევის შედეგები, ასევე წინა ტენდერებისა და ხელშეკრულებების ფარგლებში არსებული გამოცდილება. ბაზრის არასათანადო შესწავლაზე მიუთითებს სხვადასხვა ფაქტი, როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და საქონლის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების მოკვლევა გარკვეულ შემთხვევებში ხდება ტენდერის გამოცხადებისა და მიმდინარეობის პერიოდში, დისკვალიფიცირებული ან ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების, ან მათ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პირობების საფუძველზე. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში სატენდერო
მოთხოვნები არაპროპორციული და შემსყიდველის საჭიროებებთან შეუსაბამოა.
ტენდერის გამოცხადებამდე შემსყიდველების მიერ მოუმზადებელი ტექნიკური მახასიათებლები, ასევე სატენდერო დოკუმენტაციაში არასაჭირო და არაპროპორციული სატენდერო მოთხოვნების განსაზღვრა, შესყიდვის პროცესის გაჭიანურებისა და არაეკონომიურად განხორციელების რისკებს შეიცავს“, - აღნიშნულია ანგარიშში.