საჯარო რეესტრში დანამატები გაიცემა ყოველთვიურად, დასაბუთების გარეშე - ამის შესახებ აღნიშნულია აუდიტის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის დასკვნაში.
„საკუთარი სახსრების ფარგლებში, 2015-2016 წლებში, სერვისების სააგენტოს მიერ შტატიან და შტატგარეშე მოსამსახურეებზე გაწეულმა შრომის ანაზღაურებამ 34.3 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო საჯარო რეესტრის შემთხვევაში - 49.4 მლნ ლარი.
სააგენტოებში, თანამშრომელთა წინასწარ განსაზღვრული, დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა
აღემატება ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობას (საჯარო რეესტრი - 30%, სერვისების განვითარების სააგენტო - 13%). შედეგად, არსებული საშტატო რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურების ფონდი არ ასახავს ადამიანური რესურსის ფაქტობრივ და საჭირო რაოდენობას.
საჯარო რეესტრში დანამატები გაიცემა ყოველთვიურად, დასაბუთების გარეშე, რაც ვერ უზრუნველყოფს დანამატის გაცემის საკმარის გამჭვირვალობას და არსებითად თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს“, - აღნიშნულია დასკვნაში.