საქართველოს მოსახლეობა გასულ წელს გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა და 3 729.6 ათასი კაცი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დადებითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) დაფიქსირდა და 5 471 კაცი შეადგინა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 58.3 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ხოლო თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია.
„წინა წელთან შედარებით მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0.3 პროცენტით გაიზარდა და 1 791.6 ათასი კაცი, ხოლო ქალების წილი 0.1 პროცენტით შემცირდა და 1 938.1 ათასი კაცი შეადგინა. საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი - ქალია. 2018 წელს, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი მამაკაცებისთვის 35 წელი, ხოლო ქალებისთვის 40 წელია.
საქართველოში 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.0 პროცენტია, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წილი - 65.4 პროცენტი, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.6 პროცენტია.
ახალგაზრდა ასაკში მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით არის გამოწვეული,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2017 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას 73.5 წელს, მათ შორის მამამაკებისათვის 69.2 წელს, ხოლო ქალებისათვის - 77.8 წელს შეადგენდა.