საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთაგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.
1-ელი მაისიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციული ჯარიმა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმების, გაზომვისა და რეგულირების წესების დარღვევასა და ასევე, თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობაზე.
ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან იმპორტიორის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ არ შეესაბამება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული გაზომვის შედეგებს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.
თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის და იმპორტიორის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.