თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდა.
ამ მიმართულებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული აკრძალვები და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა.
უფრო კონკრეტულად, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებაში ან ლატარიაში პრიზად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის საშუალებით დარიგება, ელექტრონული ან მექანიკური აპარატის საშუალებით უშუალოდ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სარეკლამო პროდუქციისა და საშუალების კონფისკაციით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სარეკლამო პროდუქციისა და საშუალების კონფისკაციით.
საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სასაჩუქრე ნივთის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სასაჩუქრე ნივთის კონფისკაციით.
თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას კუპონების დარიგება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, საპოპულარიზაციო მასალის, მათ შორის, საინფორმაციო მასალის (კერძოდ, პირდაპირი გზავნილის) გადაცემა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი მასალის კონფისკაციით. ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი მასალის კონფისკაციით.
ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის, რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც ამის შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ნივთის/ნაწარმის კონფისკაციით. ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ნივთის/ნაწარმის კონფისკაციით.