მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან დახურულ სივრცეებში მოწევა აიკრძალა. საუბარია, პირადი საცხოვრებლის გარდა, ნებისმიერ შენობაზე, იქნება ეს კაფე, რესტორანი თუ ოფისი.
ადგილები, სადაც ხვალიდან მოწევა აიკრძალება:
საზოგადოებრივ ტრანსპორტი, გარდა ტაქსისა და კატერისა;
საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში
არსებულ ტერიტორიებზე. ამ ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის სხვა პაციენტებისგან იზოლირებულია.
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.
შენობა-ნაგებობა, სადაც 1-ლი მაისიდან თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება:
ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის);
თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
პენიტენციურ დაწესებულებაში;
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სადაც დასაშვები იქნება პაპიროსების, სიგარებისა და სიგარილების მოწევა;
სამორინეში;
აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, სადაც თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
წინასწარი დაკავების იზოლატორში.
რაც შეეხება სანქციებს, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, შესაბამისი შენობა-ნაგებობის ან/და ტერიტორიის ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის აღუკვეთელობა - 500 ლარით; ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი, ლიფტი და სხვა) – მის 50 ლარით, ქმედების განმეორების შემთხვევაში კი 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა, ტაქსისა და კატერისა) მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა, თუ სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა – პირის 500 ლარით, განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 1 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, 1-ლი მაისიდან შენობებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი წარწერების გამოკვრა სავალდებულო გახდა. კერძოდ, ნებისმიერი იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, იმ შენობა-ნაგებობაში ან ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობს, თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა უზრუნველყოს.
დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება. ამასთან, სავალდებულო გახდა შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე. გარდა ამისა, უნდა განთავსდეს იმ ფიზიკური პირის და დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნული წესების დარღვევაზე დაწესებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორისა და რეალიზატორის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი სპონსორობა – 5 000 ლარით; აღნიშნული ქმედების განმეორება კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ანალოგიური ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული თამბაქოს ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმისთვის.
ამასთან, დღეიდან აიკრძალა თამბაქოს ღერებით გაყიდვა და 150 ლარის ოდენობით დასჯადი ქმედება გახდა. პირი, თამბაქოს ნაწარმის ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით რეალიზაციაზე, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია 150 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, ცვლილებებით 1-ლი მაისიდან აიკრძალა ასევე: თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის, თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან განლაგება სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში; საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება. ამ წესების დარღვევა პირის 150 ლარით; ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდება. ანალოგიური ფულადი სანქციაა გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაციაზეც.
ამასთან, სანქციები დაწესდა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის ფაქტებზეც. კერძოდ, აღნიშნული ქმედება პირის 2 000 ლარით, ქმედების განმეორების შემთხვევაში კი 4 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.