„სესხების გადამხდელუნარიანობის შეფასების მიხედვით გაცემა, საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს“

„თუ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შესწავლა/შეფასება მოხდება, ის გაცილებით დაბალპროცენტიან სესხს მიიღებს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თუ მსესხებლის გადმხდელუნარიანობის შესწავლა მოხდება, ასეთი მსესხებელი გაცილებით დაბალპროცენტიან სესხს მიიღებს. შესაბამისად, სარგებელი იქნება ორმხრივი - ბანკსაც აღარ ექნება ის რისკი, რომ შესაძლოა, დადეფოლტება მოხდეს და მსესხებელსაც არ ექნება რისკი, რომ შემოსავლის შეფასების გარეშე, მაღალპროცენტად მიღებულ სესხს ვერ მოემსახურება და უარყოფით სტატუსს მიიღებს საკრედიტო ბიუროში.

ამავე დროს, იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ასეთი ზომები მიიღეს, აჩვენებს, რომ იმ ხალხმა, რომელთა გადამხდელუნარიანობის შესწავლაც მოხდა, სესხების მიღება უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით შეძლეს,“-აღნიშნა გვენეტაძემ.

მანვე ახალი საბანკო რეგულაციების რისკებზეც ისაუბრა. „შავი, ე.წ. ჩრდილოვანი ბაზარი ყოველთვის არსებობდა და ახლაც არსებობს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ასეთ სესხებზე იქნება, არ ვფიქრობ, რომ ეს შავ ბაზარზე გადაინაცვლებს. ასეთი სესხები დიდ, აგრესიულ რეკლამას საჭიროებს და ამ ზომაზე გასვლა საკმაოდ რთული იქნება,“-განაცხადა გვენეტაძემ.