მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა მოსკოვში. ქალაქის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები პოპულარული სოციალური ქსელის „ტელეგრამის“ აკრძალული რესურსების სიიდან ამოღებას ითხოვდნენ.
პოლიციის მონაცემებით აქციაზე 7500 ადამიანი მივიდა, თუმცა ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ დემონსტრანტების რაოდენობამ 12 000-ს გადააჭარბა. აქცია ქსელის დამფუძნებლის, პაველ დუროვის ორგანიზებით გაიმართა.
„ათასობით პროგრესული ახალგაზრდა იცავს მოსკოვის ქუჩებში ინტერნეტ თავისუფლებას“ - დაწერა დუროვმა „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე. მისივე თქმით, ეს არის უპრეცენდენტო მოვლენა და ის ამაყია, რომ დაიბადა იმავე ქვეყნაში, რომელშიც ეს ხალხი. მისივე თქმით, ეს ენერგია შეცვლის სამყაროს.
რუსეთის მთავრობამ „ტელეგრამი“ 16 აპრილს, მას შემდეგ დაბლოკა, რაც კომპანიამ რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მომხმარებელთა პირადი მიმოწერის გასაშიფრი გასაღებების გადაცემაზე უარი განაცხადა. „ტელეგრამის“ დამფუძნებელი აქციების გაგრძელებას აპირებს.
„ტელეგრამს“ 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელებს შორის მეცხრეა. აღსანიშნავია, რომ „ტელეგრამი“ გუშინ აიკრძალა ასევე ირანში.
კოკა კვირკველია