მობილური ოპერატორი T-Mobile კონკურენტ Sprint-ს 26 მილიარდ დოლარად შეიძენს

ამერიკული მობილური კავშირის ოპერატორი კომპანია T-Mobile-ი კონკურენტ კომპანია Sprint Corp-ს 26 მილიარდ დოლარად შეიძენს.

გაერთიანების მცდელობა, რომელიც მესამედ ხდება ბოლო ოთხ წელიწადში, ამჯერად წარმატებით დასრულდება, ანტიმონოპოლიური სამსახურის ნებართვის შემდეგ.

ამ შეთანხმების შემდეგ ამერიკის მობილური ოპერატორების ბაზარზე მხოლოდ სამი მსხვილი მოთამაშე დარჩება. T-Mobile და Sprint-ი აღნიშნული შეთანხმებით პოზიციების გამყარებას გეგმავენ მანამდე, სანამ ქვეყნაში 5G სტანდარტი დაინერგება.

T-Mobile-ის 63%-ის მფლობელი Deutsche Telekom-ია, ხოლო Sprint-ის აქციების 85% ეკუთვნის იაპონურ სატელეკომუნიკაციო კომპანიას SoftBank-ს.

ორივე კომპანიის ჯამური ღირებულება შეადგენს 146 მილიარდ დოლარს და მას შეუძლია გახდეს სერიოზული კონკურენტი ორი ამერიკული ლიდერი კომპანია- AT&T და Verizon-ისთვის. ამავდროულად, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ დანახარჯები ოპერაციების გაერთიანების შემთხვევაში.

ცნობისათვის, Verizon-ს 2017 წლის ბოლოსთვის 116 მილიონი აბონენტი ჰყავდა, AT&T-ს - 93 მილიონი, T-Mobile-ს 59 მილიონი, ხოლო Sprint-ს - 41 მილიონი.

კომპანიები შეთანხმების დასრულებას 2019 წლისთვის გეგმავენ.

კოკა კვირკველია