TOP კომპანიები საქართველოს საჰაერო სივრცეში

2018 წლის 3 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9.1 %-ით არის გაზრდილი, -  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს.

სტატისტიკა გაუმჯობესებულია, როგორც გადაფრენების ასევე, აფრენა-დაფრენის მიმართულებით. შპს “საქაერონავიგაციის” მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.1%-ით მოიმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ. ასევე გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

2018 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 32 907 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 2 733 ფრენით და 9.1%-ით მეტია 2017 წლის იანვარი - მარტის პერიოდის მაჩვენებელზე;

2018 წლის იანვარი - მარტის პერიოდის განმავლობაში გადაფრენების რიცხვი 24 420 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე (23 364 ფრენა) 1 056 ფრენით, ანუ 4.5% -ით მეტია. საქართველოს აეროპორტებში აფრენა - დაფრენის რაოდენობა 8 487 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (6 810 ფრენა) 1 677 ფრენით, ანუ 24.6%-ითაა გაზრდილი.

2018 წლის იანვარი - მარტის განმავლობაში შესრულებული ფრენების ფაქტობრივი რაოდენობა აეროპორტების მიხედვით ასე გამოიყურება: თბილისის აეროპორტში შესრულებული ინსტრუმენტალური აფრენა - დაფრენის რიცხვი 7 540 -ს გაუტოლდა, ბათუმის აეროპორტის კი 387-ს, ქუთაისის აეროპორტში შესრულებული ინსტრუმენტალური აფრენა - დაფრენა 560 ფრენას შეადგენს, მესტიაში 93 ვიზუალური ფრენა განხორციელდა, 20 კი ამბროლაურში.

2018 წლის იანვარი - მარტის პერიოდის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია შეადგენს 9 377 667 კმ-ს, რომელიც 2017 წლის იანვარი - მარტის მაჩვენებელზე (9 627 009 კმ) 249 342 კმ-ით ანუ 2.6%-ით ნაკლებია, რაც შპს “საქაერონავიგაციის” მიერ დანერგილი თავისუფალი მარშრუტების კონცეფციის შედეგია.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2017 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKAINE AIRLINES დაფიქსირდნენ.

“ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. ამას განაპირობებს საქაერონავიგაციის მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტები, უახლესი სანავიგაციო ტექნოლოგიებით და უახლესი შუქ-ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტები და ევროპული დონის სერვისი, რომელსაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ”, - აცხადებს შპს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

როგორც საქაერონავიგაციაში აცხადებენ, ორგანიზაციამ თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა უკვე დაასრულა. ახალი ცენტრი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის 18 მაისს შევა, რაც კიდევ უფრო მოქნილს და გამტარუნარიანს გახდის საქართველოს საჰაერო სივრცეს.