დოლარის გამყარების ფონზე, ნავთობის ფასმა დღეს მცირედით დაიკლო, თუმცა კლების ტემპს ის გარემოება აფერხებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას აპირებს.
ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი (ივლისის ფიუჩერსი) 62 ცენტით, 74.07 დოლარამდე შემცირდა. შედარებისთვის, ამავე მარკის ივნისის ფიუჩერსი, რომელსაც ვადა ორშაბათს გაუვიდა, 75.17 დოლარი ღირდა. აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ივნსის ფიუჩერსი 67 ცენტით, 67.90 დოლარამდე შემცირდა.
ნავთობის ფასი ორშაბათს გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ წარმოადგინა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები იმისა, რომ ირანი ბირთვული იარაღის პროგრამას აგრძელებს. ამის პასუხად ირანმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის შექმნით დაინტერესებული არაა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის პრემიერს ახალი არაფერი უთქვამს, ბაზრის რეაქცია კი მოწმობს, რომ ირანთან შეთანხმებიდან აშშ-ის მოსალოდნელი გასვლის ფაქტორი, ბაზარს ფასებში უკვე ასახული აქვს.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებაში ბევრი უზუსტობაა და მათ გასწორებას მოითხოვს. ამისათვის მან ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას, ვადა 12 მაისამდე მისცა. შეუსრულებლობის შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ სანქციების დაბრუნებით დაიმუქრა.
რაც შეეხება გამყარებული დოლარის ფაქტორს, ის ნავთობის მყიდველს ფასს უძვირებს და შესაბამისად, სწორედ ამ ფასის კლებას იწვევს.
დოლარის ინდექსმა, რომელიც მსოფლიოს ექვს წამყვან ვალუტასთან ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, იანვრის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, რაც ძირითადად აშშ-ის სახაზინო 10-წლიანი ბონდების მომგებიანობის ზრდის შედეგია.
ყოველივეს მიუხედავად, ნავთობის ფასი ახლოსაა ბოლო სამწლინახევრის უმაღლეს მაჩვენებელთან. მისი ფასის გაზრდას მეტწილად ის ფაქტი განაპირობებს, რომ OPEC-ის შეთანხმებით, ბაზარზე ყოველდღიური მიწოდება, 1.8 მილიონი ბარელითაა შეზღუდული. მეორე მხრივ, ფასის ზრდას, ამერიკაში ნავთობის მოპოვების რეკორდული ზრდა ზღუდავს.