გადაარქმევენ თუ არა "ვარდების რევოლუციის" მოედანს სახელს

თბილისის საკრებულო ახალი ინიციატივით გამოდის, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას, 2 მაისს თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოდის ინიციატივით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

სწორედ ამიტომ თბილისის საკრებულოს ინიციატივაა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს.

აღნიშნულ ინიციატივას, 2 მაისს თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილავენ. გარდა ამისა, კომისიის წევრები რიგი ქუჩებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეთა სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელებენ“, - ნათქვამია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებაში.