თბილისის შემოგარენში მდებარე დაბებსა და სოფლებში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა დაახლოებით 20-25%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თავად რეალტორებმა განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, პირველ რიგში, მოსახლეობა ქალაქგარეთ უძრავი ქონების შეძენას მეტი კომფორტისთვის, ჯანსაღი გარემოსა და დედაქალაქთან სიახლოვის გამო ირჩევს. ამასთან, გამოიკვეთა ის დაბები და სოფლები, სადაც უძრავი ქონების შეძენაზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარული არის წყნეთი, წავკისი, კოჯორი, სოფელი დიღომი, საგურამო და ა.შ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვაჟა მებაღიშვილმა განუცხადა, ქართველი მომხმარებლის გემოვნება დაიხვეწა და საცხოვრებლად ისეთ ადგილებს არჩევენ, სადან ნაკლები დაბინძურება და ლამაზი ხედებია.
„თბილისის შემოგარენში მოთხოვნა დაახლოებით 20-25%-ით არის გაზრდილი. თბილისის მცხოვრებლები მიხვდნენ, რომ ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვართ. ამიტომაც არჩევენ ისეთ ადგილებს, რომელიც ქალაქთან ახლოს არის, სადაც სუფთა ჰაერი და ლამაზი ხედებია. ამ მხრივ, ქართველი მომხმარებლის გემოვნება საკმაოდ გაზრდილია. სახლებს არამხოლოდ სააგარაკედ, დიდი ნაწილი მუდმივ საცხოვრებლად ყიდულობს. საგურამო, წყნეთი, წავკისი, ოქროყანა - აქ არის ძალიან დიდი მოთხოვნა.
თბილისის შემოგარენში თანდათან ინფრასტრუქტურაც იხვეწება, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელები და დიდი სუპერმარკეტები იხსნება, რაც დამატებით კომფორტს ქმნის“, - აღნიშნავს მებაღიშვილი.
თუმცა მისივე თქმით, გაზრდილ მოთხოვნას შესაბამისი მიწოდება ვერ აბალანსებს.
„მიწოდება არის დაბალი. მყიდველებს კი ბევრი პრიორიტეტი აქვთ, სანამ თბილისის შემოგარენში სახლს იყიდიან. ჩვენთვის რთულია ვიპოვოთ შესაფერისი სტანდარტების სახლები, რომელიც მოთხოვნასთან და მყიდველის გემოვნებასთან ადეკვატური იქნება. ძირითადად, მაინც ძველმოდური სახლები და ძველი რემონტები გვხვდება. პრობლემა ის არის, რომ ვინც უძრავ ქონებას ყიდის, ამ პროდუქტს სწორად ვერ „ფუთავს“. ამაში ვეხმარებით, რამდენადაც შეგვიძლია“, - აცხადებს ვაჟა მებაღიშვილი.
რაც შეეხება ფასებს, მისი ინფორმაციით, ფასები სტაბილურია, თუმცა მოიმატა მცხეთასა და საგურამოში.
„არის ადგილები და სახლები, რომლებიც მილიონახევარი დოლარი ან ორი მილიონი დოლარი ღირს, ზოგის ფასი ხუთ მილიონამდეც ადის, თუმცა არის მისაღები ფასებიც. მაგალითად, 70 ათას დოლარად ნორმალურ ბინას შეიძენ წავკისში. საგურამოში კი 10 ათას დოლარადაც იყიდი. წყნეთსა და წავკისში ფასები მაინც ყველაზე მაღალია. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბოლო წლებში ფასებმა აიწია მცხეთაში და საგურამოში“, - აღნიშნავს მებაღიშვილი.
მისივე განმარტებით, თბილისის შემოგარენში უძრავი ქონების შეძენის მსურველთა შორის საკმაო რაოდენობით არიან უცხოელები: „ისინი დაინტერესებული არიან ძირითადად მცხეთით, წყნეთით და წავკისით. ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან თბილისის შემოგარენში ბინის ყიდვის სურვილი გაზრდილია“.
სხვადასხვა უძრავის ქონების სააგენტოების მონაცემებით, თბილისის შემოგარენში წელს კვადრატული მეტრის საშუალო სარეალიზაციო ღირებულებაც გაიზარდა. თუ შარშან ერთ კვადრატულ მეტრს 1 120 ლარად შეიძენდით, წელს ფასები 1400 ლარამდე გაიზარდა.
თეონა კენჭიაშვილი