1-ელ კვარტალში ტელევიზიით 24 513 სარეკლამო რგოლით ნაკლები გავიდა

2018 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტელევიზიით 24 513 სარეკლამო რგოლით ნაკლები გავიდა. ამის შესახებ „აიფიემის“ კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტელევიზიით სულ 148 606 სარეკლამო რგოლი გავიდა.

ამასთან, კვლევის თანახმად, ასევე იკლო სარეკლამო ქრონომეტრაჟმაც. კერძოდ, თუ 2017 წლის პირველ კვარტალში სარეკლამო დრო 3 659 376 წამს შეადგენდა, 2018 წლის პირველ კვარტალში კი ქრონომეტრაჟი 3 441 986 წამი იყო.

„რეკლამის რაოდენობის და ქრონომეტრაჟის კლების მიუხედავად ინვესტიციის პარამეტრში საგრძნობი მატება გვაქვს და ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით 2018 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო რეკლამაში 139 418 413 აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 82 835 150 აშშ დოლარით მეტია“,-ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება რეკლამის ტოპ 10 სექტორს, კვლევის მიხედვით, პირველ კვარტალში სარეკლამო რგოლების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: ჰიგიენა - 12%; უალკოჰოლო სასმელები - 11%; მედიკამენტები-ტკბილეული და სამშენებლო - 7%-7%; სოციალური - 6%; ფინანსები და საყოფაცხოვრებო, ქიმიური პროდუქტები - 5%-5%; ხოლო პროდუქტები და ტრანსპორტი 4%-4%.

bpn

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ასევე საინტერესოა ტოპ სექტორების გამოვლენა ინვესტიციის ჭრილში, რომელთა ათეულშიც ახალი სექტორები შემოდის. ესენია კომუნიკაცია და რესტორნები, აზარტული თამაშები. აქედან კომუნიკაციების სექტორს -6%; ხოლო რესტორნებისა და დასვენების სექტორს - 5% უკავია.

bpn