მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და დედაქალაქის მთავრობა, მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირის “ერთობა 2013” მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
„არაერთი შეხვედრა გაიმართა მერიაში, დედაქალაქის მთავრობასთან, სადაც ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ ის რეალობა და ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს მუნიციპალიტეტში არსებობს და ძალიან კარგად იქნა მათთვის ახსნილი, რომ შეუძლებელია იმის დაკმაყოფილება, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ. ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის შრომა, რასაც ეს ადამიანები ეწევიან, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმიანობა. ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამის შედეგად როგორც მოქალაქეების, ისე მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული ადამიანების შრომითი სისტემის გაუმჯობესება“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, არასდროს მიუდგება ინდივიდუალურად თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და არ მიიღებს მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებას.
„ჯერ კიდევ ოფიციალურად არ მქონდა მუშაობა დაწყებული, როდესაც მივედი სატრანსპორტო კომპანიაში და დავუდასტურე პატივისცემა. კარგად მაქვს გააზრებული ამ ადამიანების შრომა, თუმცა ის დამოკიდებულება, ის მიდგომები, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, სრულიად მიუღებელია. ასევე, სრულად მიუღებელია, რომ ეს ადამიანები და პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არ გაიხსნება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ - დედაქალაქის მთავრობა. მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას, ვინც გაფიცვას აპირებთ და ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირი “ერთობა 2013” მემანქანეთა ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას გეგმავს.