თბილისში „საკვირაო ბაზრების“ გამართვა იგეგმება - შეთავაზება დედაქალაქის მერს

9 მაისს, „თბილისის ივენთ ჰოლში“ ქართული გენეტიკის სურსათის გამოფენა-გაყიდვა უკვე მეორედ გაიმართება. ღონისძიება პროექტ „გემოვანის“ ფარგლებში ჩატარდება.

როგორც „გემოვანის“ დირექტორი და დამფუძნებელი ოთარ ნაჭყებია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გამოფენაზე 70 ფერმერის მიერ წარმოებული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ნატურალური და ქართული წარმომავლობის არის. გამოფენა-გაყიდვა 10:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება. ეს არის სატესტო გამოფენა. სამომავლოდ კი „გემოვანს“ საკმაოდ უპრეცედენტო იდეა აქვს - „საკვირაო ბაზრები“.

„როგორც ევროპაშია, ჩვენც ასეთი ტრადიციის დანერგვა გვინდა. ყოველ კვირა დღეს, დედაქალაქში გაიმართება „საკვირაო ბაზარი“, სადაც 100%-ით ნატურალური პროდუქცია იქნება წარმოდგენილი და მოსახლეობას მათი დაგემოვნების და შეძენის საშუალება ექნებათ. ლოკაცია ჯერჯერობით შერჩეული არ გვაქვს, თუმცა გვინდა ისეთი ადგილი ავარჩიოთ,რომელიც ადგილობროვებისთვისაც დატურისტებისთვისაც ხელსაყრელი იქნება. მანამდე კი, 9 მაისს, რიგით მეორე, სატესტო ღონისძიებას ჩავატარებთ. ჩვენი თხოვნა და სურვილია, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე დავპატიჟოთ. გვინდა, რომ მან გამოფენა დაათვალიეროს და ერთად მოვიფიქროთ, როგორ შევასხათ ამ იდეას ფრთები ისე, რომ ქალაქს გამოადგეს. დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან ბავშვებს გაასეირნებენ, შეიძენენ სუფთა და ხარისხიან პროდუქტს“, - აცხადებს ოთარ ნაჭყებია.

რაც შეეხება პროექტ „გემოვანს“, კომპანიის წარმომადგენლები გენეტიკურად ქართული სურსათის ბაზარზე დამკვიდრებით არიან დაინტერესებულნი. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ ქართული ჯიშის ნერგებს, შემდეგ ავრცელებენ. ასევე, ზრდიან მოთხოვნას ნატურალურ პროდუქციაზე და უზრუნველოყოფენ მის მიწოდებას. ისინი ახალისებენ ფერმერებს, რომ მოიყვანონ ნატურალური სურსათი და შემდეგ მის რეალიზებაში ეხმარებიან, თანაც საკმაოდ კარგ ფასად. სამომავლოდ „გემოვანს“ საკმაოდ ბევრი იდეა აქვს. მათ შორის, ქართულ ბაზარზე მთლიანად წაახალისოს ქართული წარმოება - რძის პროდუქტები, ხორცეული, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და ეს ყველაფერი ბრენდ „გემოვანის“ ქვეშ გააერთიანოს. პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა გენეტიკურად ქართული ხორბლის პური„მზეთამზე“დახლებზე უკვე იყიდება.

„სანამ ჩვენს მიზანს მივაღწევთ და ქართულ ბაზარს მთლიანად ნატურალური პროდუქციით გავაჯერებთ, მანამდე ფერმერების მოძიების პროცესში ვართ. დღეს საქართველოში ნატურალურის და გემრიელის დეფიციტი გვაქვს. ამიტომაც ვეძებთ ნატურალურად მოყვანილ ბოსტნეულს, ხილს. სეზონზე გვექნება მარწყვი, რომელიც შეიძლება შესახედაობით არც თუ ისე ლამაზი იყოს, მაგრამ გემრიელი იქნება და იმპორტირებული თუ სხვადასხვა დანამატებით მოყვანილი მარწყვისგან განსხვავებით, ხარისხიანი იქნება. დიდ ყურადღებას დავუთმობთ მთის პროდუქტებს, რადგან უფრო ეკოლოგიურ გარემოში მოყვანილია. ამის გარდა, ბევრი გეგმა გვაქვს“, - აღნიშნავს ოთარ ნაჭყებია.

რაც შეეხება „საკვირაო ბაზრებზე“ გამოტანილ პროდუქციას და მათ ხარისხს, როგორც „გემოვანის“ დირექტორი განმარტავს, სამომავლოდ პროდუქცია ლაბორატიულად შემოწმდება, მანამდე სანდოობა არის მნიშვნელოვანი. კომპანიას კონტაქტი აქვს სხვადასხვა ორგანიზიებთან. ისინი კი იმ ფერმერებს აკავშირებენ, ვისაც 100%-ით ნატურალური სურსათი მოჰყავს.

„გემოვანის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გავა. მთავარია სტაბილურობა და მეტი ფერმერის მოზიდვა და ჩართვა პროექტში. ქართველი მომხმარებლის დაკმაყოფილება ქართული პროდუქციით და შემდეგ უკვე ექსპორტზე გასვლა. რაც შეეხება ფასებს, შედარებით მაღალი იქნება, მაგრამ ხარისხთან ადეკვატური. ფასებს ბაზარი დაარეგულირებს და მოთხოვნა-მიწოდებით დაბალანსდება. მთავარია, რომ იმპორტირებულ პროდუქციას ხარისხით კონურენცა გავუწიოთ“, - აცხადებს ოთარ ნაჭყებია.

გამოფენა-გაყიდვის გენერალური სპონსორია „მზეთამზე“. მედია პარტნიორი კი „გემრიელია“.

“გემოვანი” არის ბრენდი რომელიც აერთიანებს ქართული გენეტიკის სურსათს.კომპანია 2015 წელსდაფუძნდა.

თეონა კენჭიაშვილი