როდის გაიხსნება და როგორი იქნება სასტუმრო Best Western-ი ბათუმში

ბათუმში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსი „მეგა პალასი“ Best Western Premier-ის ბრენდის სახელწოდებით ექსპლუატაციაში 1-ელ აგვისტოს შევა.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „მეგა პალასის“ დირექტორმა ედუარდ ხიმშიაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, კომპლექსი 30 სართულისგან შედგება.

„პირველიდან 13-ე სართულის ჩათვლით იქნება სასტუმრო, რომელიც 104 ნომრისგან შედგება. დანარჩენ სართულებზე კი საცხოვრებელი ფართები განთავსდება. ასევე, კომპლექსში საცურაო აუზი, საბავშვო გასართობი კომპლექსი, საუნა, სპა, ფიტნესი მოეწყობა“, - აღნიშნავს ხიმშიაშვილი.

bpn

რაც შეეხება კაზინოს, რომელიც ასევე კომპლექსში განთავსდება, ედუარდ ხიმშიაშვილის თქმით, ამ დროისთვის ბრენდი დაზუსტებული არ არის: „ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის ბრენდი, რომელიც სასტუმროს მართვაში შემოვა - ეს იქნება Best Western Premier“, - განმარტავს „მეგა პალასის“ დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, საინვესტიციო თანხა - 15 მილიონი ლარი, რომელიც პროექტის განსახორციელებლად თავდაპირველად გამოიყო, სავარაუდოდ, 20 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ადგილზე 100 ადამიანი დასაქმდება, მათ შორის ადგილობრივები.

კომპანია „მეგა პალასმა“ სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა 2014 წლის ბოლოს დაიწყო.

bpn

რაც შეეხება Best Western International-ს, იგი მსოფლიოში სასტუმროების ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული და 100-ზე მეტ ქვეყანაში, 4200-მდე სასტუმროს აერთიანებს.

ამ დროისთვის საქართველოში ბრენდი რამდენიმე სასტუმროს ფლობს. მათ შორის არის 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში BEST WESTERN PLUS, 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისში BEST WESTERN KUTAISI. ასევე, Best Western-ის ბრენდით ოპერირებენ სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ბაკურიანში, გუდაურსა და გონიოში.

თეონა კენჭიაშვილი