ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ამერიკელ ინვესტორებს რუსული კომპანიების აქციების გაყიდვისთვის დამატებით ერთი თვე მისცა

ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ერთი თვით გაახანგრძლივა ვადა, რა დრომდეც ამერიკელი ინვესტორები უნდა გათავისუფლდნენ აქციებისა და სხვა სახის ფინანსური ქაღალდებისგან, რომლებიც სანქციების ქვეშ მოყოლილ რუსულ კომპანიებთან En+-თან, Русал-თან და "Группа ГАЗ-თან არის დაკავშირებული.

აღნიშნულის შესახებ საუბარია სამშაბათს გავრცელებულ განახლებულ დოკუმენტში - სახელწოდებით „გენერალური ლიცენზია ნომერ 13А", რომელმაც შეცვალა აქამდე მოქმედი დოკუმენტი „გენერალური ლიცენზია ნომერ 13".

განახლებულ დოკუმენტში, რომელიც უცხოური აქტივების ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კონტროლს ითვალისწინებს, აღნიშნულია, რომ ამერიკელმა ინვესტორებმა თავიდან უნდა მოიშორონ ზემოთ ნახსენები სამი კომპანიის აქტივები მიმდინარე წლის 6 ივნისამდე, მაშინ როცა აქამდე ეს მათ 7 მაისამდე უნდა განეხორციელებინათ. სხვა ცვლილებები ამ სამ რუსულ კომპანიასთან დოკუმენტში არ ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ რიგი რუსული კომპანიებისა და რუსი ბიზნესმენების ნაწილისთვის სანქციები აშშ-მა 6 აპრილს აამოქმედა.

კოკა კვირკველია