თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები დღეს აღარ გაიფიცებიან, - ამის შესახებ “ “ერთობა 2013”-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომელშიც მეტროპოლიტენის 300 თანამშრომელია გაწევრიანებული.
მათი განმარტებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოხდეს კონსენსუსის მიღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეტროპოლიტენის თანამშრომლები 30 დღის შემდეგ გაიფიცებიან.
მათი ნაწილის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაუკავშირდა მეტროპოლიტენის ძველ თანამშრომლებს, რომელთა ნაწილიც წლების წინ სხვადასხვა მიზეზით გაუშვეს და შესთავაზეს მემანქანეების ჩანაცვლება, რაც “ერთობა 2013”-ის წარმომადგენელთა შეფასებით, დაუშვებელია, ვინაიდან მეტროში წლების განმავლობაში მოხდა ტექნიკური განახლება, რომელსაც სჭირდება სპეციალური ცოდნა, რაც წლების წინ გათავისუფლებულ თანამშრომლებს არ გააჩნიათ, ხოლო მათი ხაზზე დანიშვნა საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეებს, რომლებიც მეტროთი სარგებლობენ.
თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილი სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასის 45%-მდე გაზრდას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის სხდომაზე პოზიცია დააფიქსირა დედაქალაქის მერმაც, რომელმაც ხელფასის მომატებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.