„ლაგუნა ვერეს“ ბედი ისევ გაურკვეველია - რატომ უარყოფენ ფონდ „ქართუსა“ და „ქართუ ჯგუფში“ კომპლექსის საკუთრებაში არსებობას

სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ლაგუნა ვერე", რომელსაც ორმოცწლიანი ისტორია გააჩნია, უკვე 5 წელია უფუნქციოდ არის მიტოვებული და მისი ბედი დღესაც გაურკვეველია.

„ლაგუნა ვერე“ 2013 წლის დეკემბერში დაიხურა არამომგებიანობის და გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო. უკვე განახლებული კომპლექსი კი 2015 წელს უნდა გახსნილიყო.

აქამდე ცნობილი იყო, რომ კომპლექსის მმართველი ფონდი „ქართუ“ იყო, რომელსაც ადგილზე მთელი რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა განეხორციელებინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ რამდენჯერმე შეეცადა ფონდში გარკვევას, თუ როდის იგეგმება „ლაგუნა ვერეს“ რეაბილიტაცია, თუმცა უშედეგოდ. თავდაპირველად, ფონდში განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი არ ჰყავთ და შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე პასუხს ვერავინ გაგვცემს. შემდეგი მცდელობისას კი, ფონდ „ქართუშიც“ და „ქართუ ჯგუფშიც“ განგვიცხადეს, რომ „ლაგუნა ვერე“ მათ საკუთრებაში არ არის.

რაც შეეხება „ლაგუნა ვერეს“ ამჟამინდელ ადმინისტრაციას, მისი ხელმძღვანელი დავით ჩხეტიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, რომ კომპლექსი ფონდი „ქართუს“ საკუთრებაა და განვითარების პროექტის შესახებ ინფორმაცია სწორედ მათთან უნდა გავარკვიოთ.

„მეპატრონეები იხილავენ მსგავს საკითხებს. ჩვენთვის ჯერ ცნობილი არაფერი არის. ჩვენ უშუალოდ რაც გვევალებოდა, ობიექტის მოვლა-პატრონობა, ეს უკვე გავაკეთეთ. ასევე, გვევალება ობიექტის არსებული იერსახის შენარჩუნება. ველოდებით მეპატრონეების გადაწყვეტილებას. დამატებითი დეტალებისთვის ქართუ „ფონდს“ უნდა მიმართოთ. მე ინფორმაცია არ მაქვს, ადგილზე კონკრეტულად რა პროექტის განხორციელება იგეგმება“, - აცხადებს დავით ჩხეტიანი.

დედაქალაქში ისტორიული სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი 1978 წლიდან ფუნქციონირებდა. 1992 წელს კომპლექსს ეწოდა “ვერე”, 1997 წელს - “ლაგუნა ვერე”. 2013 წლის 28 დეკემბერს კი კომპლექსი გაურკვეველი ვადით დაიხურა. უმუშევარი დარჩა 300-მდე ადამიანი. ამასთან, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია დაიტბორა. სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, თუ როგორ მდგომარეობაშია ამჟამად კომპლექსი. ფოტო-ვიდეო მასალების მიხედვით ადგილზე რეაბილიტაციის კვალი არსად ჩანს.

სამეწარმეო რეესტრის 2017 წლის 21 დეკემბრის ამონაწერით მიხედვით „ლაგუნა ვერეს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის გიორგი ჯანელიძე; ხოლო საბჭოს წევრები - გიორგი ქსოვრელი, გელა კობერიძე. აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დავით ჩხეტიანს, ხოლო დირექტორის - ვლადიმერ გოიაშვილს ეკუთვნის.

ცნობისათვის, სპორტული კომპლექსის ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეიცვალა, 2013 წლის 24 სექტემბრის ამონაწერით აღმასრულებელი დირექტორი ვეფხვია ხუნძაკიშვილი, დირექტორები კი ვლადიმერ გოიაშვილი და დავით ბედოიძე იყვნენ.

2014 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით, დირექტორის პოსტს ვლადიმერ გოიაშვილი და დავით ბედოიძე იკავებდნენ; აღმასრულებელი დირექტორი კი მაშინაც დავით ჩხეტიანი იყო.

ასევე 2014 წლის 19 მაისის ამონაწერით, ლაგუნა ვერეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მირიანი მჭედლიშვილი, მისი მოადგილე გიორგი დვალაძე და ხოლო წევრი დომენტი გოლეთიანი იყვნენ.

იმავე წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით კი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უკვე გიორგი ჯანელიძე გახდა, წევრები კი გიორგი დვალაძე და დომენტი გოლეთიანი იყვნენ. ამასთან, დირექტორის პოსტს ვლადიმერ გოიაშვილი და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას კი დავით ჩხეტიანი იკავებდნენ.

უკვე 2014 წლის 15 დეკემბრიდან სპორტული კომპლექსის ხელმძღვანელობაში მოვიდნენ: გიორგი ჯანელიძე, გიორგი ქსოვრელი, გელა კობერიძე, დავით ჩხეტიანი, ვლადიმერ გოიაშვილი.

თეონა კენჭიაშვილი