ფრანგულ სატელეკომუნიკაციო კომპანია Orange Group-ს „სილქნეტის“ შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით კომისიისთვის არ მოუმართავს - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა.
„ვნახე, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ ოფიციალურად ეს ფაქტი არ დასტურდება. არც Orange Group-ს და არც „სილქნეტს“ კომისიისთვის არ მოუმართავს. როგორც იცით, კანონის მიხედვით, ასეთ დროს კომისიაში შემოდის განცხადება.
ზოგადად, წლებია ეს ორი კომპანია ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობს და ეს პროცესი ახლაც გრძელდება", - განუცხადა ბექაურმა ჟურნალისტებს.
უმსხვილესი ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანია Orange Group-ის მიერ „სილქნეტის“ შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
Orange Group -ი ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია, რომელიც მსოფლიოს 32 ქვეყანაში საქმიანობს. კომპანიის აბონენტთა რაოდენობა 190 მილიონს აჭარბებს, აქედან 128,8 მილიონი მობილური აბონენტია 13,4 მილიონი ფართოზოლიანი ინტერნეტის მომხმარებელი. Orange Group-ს კავკასიაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. წლების წინ ფრანგული კომპანია სომხეთის ბაზარზე ოპერირებდა, თუმცა მოგვიანებით უცნობი მიზეზების გამო ეს ბაზარი დატოვა.
აპრილის მიწურულს კი საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა Orange Group-ის შვილობილმა კომპანიამ Sofrecom -მა. ეს კომპანია სხვადასხვა ქვეყნებში ემსახურება სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, უწევს კონსულტაციას ბიზნეს და IT მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ თბილისში „სილქნეტის“ და Sofrecom - ხელმძღვანელებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. გაირკვა, „ჯეოსელის“ შესყიდვის პერიოდში სტრატეგიული განვითარების ხუთწლიანი გეგმა "სილქნეტს" სწორედ Sofrecom -მა მოუმზადა.
რაც შეეხება შესაძლო გარიგებას, ამის შესახებ მაშინ არაფერი ითქვა და დღესაც, როგორც კახა ბექაური აცხადებს, არცერთ კომპანიას კომისიისთვის არ მიუმართავს.
თეონა კენჭიაშვილი