რამდენიმეწლიანი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის წილი თვალშისაცემად გაიზარდა.
ეს პირდაპირ უკავშირდება 2 ქვეყანას - სომხეთსა და უკრაინას. 2017 წელს ამ სახელმწიფოებში საქართველოდან საკმაოდ ბევრი ავტომობილი გაიგზავნა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ყოველი მეორე მანქანა სომხეთში გავიდა, ხოლო ყოველი მეხუთე – უკრაინაში.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ რეგიონის ქვეყნებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა და ავტობიზნესში შექმნილი ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდება. უფრო მეტიც, ბაზარზე კრიზისია მოსალოდნელი.
კვლევის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტ/რეექსპორტით გაყვანილი ავტომანქანების უმრავლესობა სომხეთში (50%) გაიგზავნა. 2016 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ იმატა უკრაინაში გასული ავტომანქანების რაოდენობამაც, რომელმაც სრული რეექსპორტის 20% შეადგინა.
საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელი, რომელიც საქართველოში შარშან დაფიქსირდა, გარე ფაქტორებმა გამოიწვია. კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა "ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ტენდენცია ამ ეტაპზე მზარდი არ არის და 2018 წელს ავტოდილერები კრიზისში აღმოჩნდებიან, რადგან მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდება.
"ეს მზარდი მაჩვენებელი, რომელიც 2017 წელს გვქონდა, დროებითია. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც დაიწყო ახალ რეგულაციებზე მუშაობა. აზერბაიჯანში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან მნიშვნელოვნად გაძვირდა განბაჟების ტარიფი. დაახლოებით ისე, როგორც ცოტა ხნის წინ საქართველოში მოხდა. იგივე პოლიტიკა გაატარეს სომხეთშიც და ამ ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის მოსაკრებელი გაიზარდა.
ეს ყველაფერი წინასწარ გახდა ცნობილი ავტოიმპორტიორი კომპანიებისა და იმ დილერებისთვის, რომლებიც მეზობელი ქვეყნების ბაზარზე ახდენდნენ მანქანების რეალიზებას. მათ წინასწარ დიდი ოდენობით ავტომობილები შეიძინეს, რომ შემდგომ ძველი ტარიფით განებაჟებინათ. 2017 წელს მათთვის ამის შესახებ ცნობილი იყო და რეექსპორტის ზრდაც ამან განაპირობა.
ტენდენცია მზარდი არ იქნება, პირიქით, 2018 წელი იქნება საკმაოდ რთული ავტობიზნესისთვის. მეზობელ ქვეყნებში მანქანების უკვე 1 წლის მარაგია. სომხეთში 2018 წლის პირველი აპრილიდან აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა. ამის გამო გაიზარდა მოთხოვნა და ავტოიმპორტიორებმა დიდი ოდენობის მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შეუკვეთეს და ამ რეგულაციის ამოქმედებამდე განაბაჟეს. ამ ფაქტორებმა, რომლებიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია, განაპირობა ის, რომ მკვეთრად გაიზარდა 2017 წლის სტატისტიკა და რეექსპორტი ჩვენს ქვეყანაში.
რაც შეეხება უკრაინას, იქ გაზრდილი მაჩვენებლის მიზეზი ჩემთვისაც უცნობია. ჯერ არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამ განაპირობა საქართველოდან უკრაინაში ავტომობილების რეექსპორტის ზრდა", - განუცხადა "რეზონანსს" ურუშაძემ.
ავტოიმპორტიორი კომპანია "იამოტოს" ხელმძღვანელი პაატა მაისურაძე ამბობს, რომ ავტობიზნესის გამოცოცხლება უკავშირდება იმპორტიორების ადაპტაციას იმ პირობებთან, რა პრობლემის წინაშეც ეს სფერო დგას. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ 2017 წელს რეექსპორტის წილი საქართველოდან მეზობელ ქვეყნებში გაიზარდა.
"შარშან ავტობიზნესი მართლაც თვალში საცემად გამოცოცხლდა. ეს უკავშირდება იმას, რომ იმპორტიორებმა მოახდინეს ადაპტაცია იმ პირობებთან, რა პრობლემის წინაშეც ეს სფერო იდგა. ამის გარდა, ახალი ქვეყნებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ექსპორტით იყვნენ დაკავებული. მათ შორის, უკრაინა. პირველ რიგში, სწორედ ამ ქვეყანაში მოთხოვნის ზრდამ განაპირობა რეექსპორტის მატება. ალბათ, ეს უკრაინის ბაზრის შიდა პოლიტიკასაც უკავშირდება.
რაც შეეხება ბოლო რამდენიმე თვის მონაცემებს, ჯერ ზუსტი ციფრები არ არსებობს, თუმცა დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა ამ ეტაპზე, როგორიც წინა წელს", - განუცხადა "რეზონანსს" მაისურაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"