მთავრობა პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას იწყებს.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებათა პაკეტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროფესიულ განათლებაში იგეგმება გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელების დანერგვა.
„პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია ხდება, ანუ ჩნდება ატესტატის მიღების და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა. ცვლილებები ასევე ქმნის პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩართვის შესაძლებლობას. მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული, ანუ ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორეტიზაცია. ცვლილებები ასევე აჩენს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას. ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადების და გადამზადების სისტემა არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის. განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, მეორე შემთხვევაში, ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დაინერგება ინკილუზიური განათლების სისტემური მიდგომები.
„სახელმწიფო პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის, მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ. ჩამოყალიბდება მასწავლებლების მომზადების, კარიერული წინსვლის სისტემა. იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.