ევროკომისიამ ბრექსიტის გამო გერმანიას ევროკავშირის ბიუჯეტში შენატანის გაზრდა სთხოვა

ევროკომისიამ გერმანიას მოუწოდა ევროკავშირის ბიუჯეტში მომდევნო წლების განმავლობაში შენატანი გაზარდოს.

ახალი დანახარჯები დაკავშირებულია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან. შესაბამისად, გერმანიას როგორც ევროკავშირის უმსხვილეს გადამხდელს მოუწევს 4 მილიარდი ევროს გადახდა წლიურად და ამასთან, ინფლაციით გამოწვეული ფასების ცვლილებების დაფარვა.

ამის შესახებ ევროკომისარმა ფინანსურ საკითხებში გიუნტერ ეტინგერმა განაცხადა.

ევროკომისიამ გუშინ წარმოადგინა ბიუჯეტის პროექტი 2021-2027 წლებზე 1,135 ტრილიონი ევროს მოცულობით. ბრექსიტის, ევროკავშირში მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებში გამოწვევების გამო, ეტინგერმა 5%-ით შეამცირა ფერმერების საჭიროებებზე ასიგნებები და სტრუქტურული რეფორმები რეგიონებში, - წერს Deutsche Welle.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებები 2017 წელს დაიწყო, კონსულტაციები ამ საკითხზე მიმდინარე წლის დეკემბრამდე გასტანს, რის შემდეგაც უკვე მხარეებს მზად ექნებათ პარლამენტებში სარიტიფიკაციოდ გამზადებული დოკუმენტები.

კოკა კვირკველია