მას შემდეგ, რაც ფედრეზერვმა დოლარზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა, ამერიკული ვალუტის ინდექსი დიდად არ შეცვლილა.
მან ჯერ ბოლო ოთხი თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია, შემდეგ კი მასზე ოდნავ დაბლა დამკვიდრდა და ახლა ამერიკის ეკონომიკის სხვა მნიშვნელოვან სტატისტიკურ მახასიათებლებს ელის, რათა მოძრაობის მიმართულება აირჩიოს.
ამჟამად დოლარის მოკლევადიანი (ოვერნთ) საპროცენტო განაკვეთი 1.50-1.75 პროცენტის დიაპაზონშია. ფედრეზერვის ასეთ გადაწყვეტილებას ბაზარი ელოდა და ამიტომ, მის გამოცხადებას ბაზარზე დიდი რყევა არ გამოუწვევია. ცენტრალური ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფლაცია მიზნობრივ 2-პროცენტიან „სიმეტრიულ“ ზღვარს მიუახლოვდა და მას უახლოეს თვეებში გადალახავს.
ანალიტიკოსების განმარტებით, განცხადებაში სიტყვა სიმეტრიულის გამოყენება იმის ნიშანია, რომ ფედრეზერვი ინფლაციის 2 პროცენტზე ოდნავ მაღლა ასვლის შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკის სწრაფად გამკაცრებას არ ეცდება.
შესაბამისად, ძალაში დარჩება ადრე არჩეული კურსი, რომლის მიხედვითაც, წელს დოლარზე განაკვეთი სამჯერ აიწევს.
აქედან ერთხელ ეს უკვე მარტის სხდომაზე განხორციელდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ განკვეთი მეორედ ივნისის სხდომაზე გაიზრდება. ამის შემდეგ კი ბევრი რამ ეკონომიკის ზრდის ტემპზე იქნება დამოკიდებული. ბევრი ინვესტორი დარწმუნებულია, რომ ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთს წელს მეოთხედაც ასწევს.
ფედრეზერვის გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე, დოლარის ინდექსი 92.245-მდე შემცირდა, თუმცა შემდეგ 92.834-მდე (ბოლო ოთხი თვის მაქსიმუმი) გაიზარდა. ამგვარად, მრავალთვიანი მინიმუმიდან, რომელზეც აპრილში დაეშვა, ინდექსმა დაახლოებით 4 პროცენტით მოიმატა. დღეს შუადღისას მისი მაჩვენებელი 92.508 იყო.
პირველი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელსაც დოლარის კურსის რყევის გამოწვევა შეუძლია, შეერთებული შტატების შრომის ბაზრის სტატისტიკაა. ის პარასკევს გამოქვეყნდება. დადებითი მახასიათებლების შემთხვევაში, ინვესტორებს გაუმყარდებათ იმის რწმენა, რომ ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთს თავის მომდევნო სხდომაზე ასწევს, რომელიც ივნისში ჩატარდება.