2012 დან 2017 წლამდე საპროცენტო განაკვეთები სესხებზე შემცირდა 6 პროცენტული პუნქტით 18.6%-დან 12.6%-მდე. ამის შესახებ bankfacts.ge წერს.
მათივე ცნობით, იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება გავაანალიზოთ, საბაზრო განაკვეთების ნაცვლად, სამართლიან საპროცენტო განაკვეთებს უნდა შევხედოთ. სამართლიანი საპროცენტო განაკვეთი ყოველი კონკრეტული მომენტისათვის გამოითვლება, რომელიც როგორ წესი საბაზრო განაკვეთთან ახლოს არის.
საპროცენტო განაკვეთის შემადგენელი კომპონენტების ანალიზიდან გამომდინარე მიღებული სამართლიანი საპროცენტო განაკვეთი 2012 წელს 21%-თან ახლოს იყო, ეს განაკვეთი მართალია განსხვავდება, თუმცა ახლოსაა იმ პერიოდში არსებულ საბაზრო განაკვეთებთან. ხოლო 2017 წელს სამართლიანი განაკვეთი 13.1%-ს შეადგენდა, რომელიც ასევე ახლოს არის არსებულ საბაზრო განაკვეთთან.
როგორც გრაფიკზე ჩანს, 2012-დან 2017 წლამდე სამართლიანი საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამ პერიოდში საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკრედიტო რისკის (-2.7 პროცენტული პუნქტი), საოპერაციო ხარჯებისა (-2.1 პროცენტული პუნქტი) და ფონდირების ხარჯების შემცირებამ (-2.0 პროცენტული პუნქტი).
ამავე პერიოდში, საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე დადებითად მოქმედებდა ფიქსირებული აქტივების ხარჯის (-0.9 პროცენტული პუნქტი) შემცირება, საპროცენტო განაკვეთის რისკისა (-0.5 პროცენტული პუნქტი) და კაპიტალის ხარჯის შემცირება (-0.5 პროცენტული პუნქტი).
bankfacts.ge აღნიშნული კომპონენტების უფრო დეტალურ განმარტებას გვთავაზობს:
ფონდირების ხარჯი: იმისთვის, რომ სესხის გაცემა მოხდეს, პირველ რიგში საჭიროა ბანკმა ფულადი რესურსი დეპოზიტის ან სესხის სახით მოიზიდოს, რაც საპროცენტო ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამასთან, იმისთვის, რომ დეპოზიტარებისთვის თანხების დაბრუნებას საფრთხე არ შეექმნას, ბანკს ყოველთვის უნდა ეჭიროს გარკვეული რაოდენობის ლიკვიდური სახსრები, რაც ასევე ბანკისთვის ხარჯს წარმოადგენს.
საოპერაციო ხარჯები: ისეთი ხარჯები როგორიცაა თანამშრომელთა ხელფასები, კომუნალური ხარჯები და სხვა ბანკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები ასევე გაითვალისწინება საპროცენტო განაკვეთში საკრედიტო რისკის ფასი: სესხის გაცემისას ბანკი კლიენტის გადახდისუნარიანობის რისკს იღებს, რასაც საკრედიტო რისკი ეწოდება. შესაბამისად, მაღალი საკრედიტო რისკი მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ნიშნავს და პირიქით.
კაპიტალის ხარჯი: საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად ბანკმა კაპიტალის მინიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია ინვესტორებისაგან კაპიტალის მოზიდვა, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგანაც ინვესტორები ამ რისკის სანაცვლოდ შესაბამის უკუგებას ითხოვენ. ქართული ბანკებისათვის კაპიტალის ხარჯი 15-20%-ის ფარგლებშია.
საპროცენტო განაკვეთის რისკის ფასი: ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით სესხების გაცემისას, ბანკი საკუთარ თავზე იღებს მომავალში მოზიდულ რესურსებზე პროცენტის ცვლილების ხარჯებს.