თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები დღეს 43 საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა გააკეთა. მისი თქმით, მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწების კერძო კომპანიებისთვის ერთ ლარად გადაცემა გრძელდება.
როგორც დავითულიანმა განმარტა, თბილისში საპარკინგე სივრცეების მოსაწესრიგებლად ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.
„იმედი გვაქვს, დღეს ამ კარგ ინიციატივას ოპოზიცია ხელს არ შეუშლის, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებები არც ფონდ „ქართუსთან“, არც თანაინვესტირების ფონდთან არ არის დაკავშირებული. ალბათ, დღეს ორმაგი სტანდარტების საუკეთესო მიდგომებს ვნახავთ, თუმცა ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და გაგვიხარდება, ოპოზიციაც თუ დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისივე თქმით, თბილისის მერიას ჩატარებული აქვს კვლევა, რომლის თანახმადაც იდენტიფიცირებულია 10 ლოკაცია, სადაც მიწისქვეშა პარკინგი უნდა მოეწყოს, აქედან ერთ-ერთი პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორია იყო, რომელზეც გადაწყვეტილება უკვე დამტკიცებულია. დღეს კი საკრებულო დამატებით სამ ადგილთან დაკავშირებით იმსჯელებს.