სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა. სააგენტოს ცნობით, ფაქტი 2 მაისს მოხდა.

თუმცა, როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. მათივე ცნობით, ფრენები და საავიაციო საწარმოებისთვის თუ სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების გაწევა შეფერხების გარეშე გრძელდება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს.

„თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად, სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები: safety@gcaa.ge; flightstandards@gcaa.ge; air@gcaa.ge; cds@gcaa.ge; office@gcaa.ge;

საერთაშორისო საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელების და სხვა ალტერნატიული საშუალებებით სააგენტომ უკვე უზრუნველყო ყველა საჭირო ადრესატის ინფორმირება,“-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.