შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საბოლოო შედეგები, რომლის მიხედვით, ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა - შპს „ სვოტ პროდაქშენი“ და შპს “ედლაინი.”
საიტზე გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, შპს „ სვოტ პროდაქშენმა“ (დაფუძნებულია 2016 წელს კერძო პირების მიერ და თავის მხრივ არის შპს „პოსტვ“ -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი) შესთავაზა ფასი - 887 000, ხოლო გამარჯვებულმა, სარეკლამო კომპანია “ედლაინმა”(დაფუძნებულია 2009 წელს, შედის „პალიტრამედიას“ შემადგენლობაში) - 709 601 ლარი.
ტენდერი გამოცხადდა საწყისი ფასით 887 000 ლარი და ითვალისწინებს ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებების და მათი მოხმარების შესახებ საინფორმაციო მასალების (მ.შ. ფილმების, სხვადასხვა რგოლების, ელექტრონული ბანერების და სხვ.) შექმნას და გავრცელებას პრაქტიკულად ყველა მედიის, ტელევიზიების, პრესის, ინტერნეტმედიის, სოციალური ქსელების და სხვ. საშუალებით.
კანონის თანახმად, ელექტრონული ტენდერი ჩატარდა NAT წესებით. კერძოდ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო დოკუმენტაცია ატვირთეს შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე.
კანონის თანახმად, კორუფციული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ტენდერში მონაწილეების რაოდენობა, ვინაობა, შეთავაზებული თანხის ოდენობა და სხვა ინფორმაციაზე წვდომა არ არის ხელმისაწვდომი, ვიდრე ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელ კომპანიასთან არ გაფორმდება ხელშეკრულება.
თავდაპირველად, საჯარო ხდება ის კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. ამის შემდეგ მის დოკუმენტაციას სწავლობს სატენდერო კომისია და იღებს გადაწყვტილებას.
1-ელ მაისს ნიკანორ მელიამ “ტვპირველის” ეთერში გააკეთა განცხადება, ციტატა: “ გამოაცხადეს რაღაცა, მილიონ ლარამდე ტენდერი… და ვინ მოიგო ეს ტენდერი, რომელიც უკონკურენციო იყო, ანუ არ ყავდა კონკურენტი, დახურული ტენდერი?.. ქუმსიშვილის ოჯახის წევრმა, ქუმსიშვილის მეუღლის ბიძაშვილმა" - ციტატის დასასრული.
ნიკანორ მელიას ამ განცხადებას გამოეხმაურა სარეკლამო კომპანია „ედლაინი“ და მელია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.
„ტენდერში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია “ედლაინი” განმარტავს, რომ ტენდერი გამოცხადდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, საწყისი ფასით 887 000 ლარი და ითვალისწინებს ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებების და მათი მოხმარების შესახებ საინფორმაციო მასალების (მ.შ. ფილმების, სხვადასხვა რგოლების, ელექტრონული ბანერების, სტატიების და სხვ.) შექმნას და გავრცელებას პრაქტიკულად ყველა მედიის, ტელევიზიების (“ტვპირველი”, “რუსთავი 2”, “იმედი”, "პალიტრანიუსი"…), პრესის, ინტერნეტმედიის, სოციალური ქსელების და სხვ. საშუალებით.
ელექტრონული ტენდერი მოიგო ჩვენმა კომპანიამ 709 601 ლარად, ანუ საწყის ფასზე 177 399 ლარით იაფად. ტენდერი არ ყოფილა უკონკურენტო, ეს იყო ელექტრონული ტენდერი, სადაც “ედლაინმა” დააფიქსირა ყველაზე დაბალი ფასი და შესაბამისად გახდა ტენდერის გამარჯვებული.
სარეკლამო კომპანია “ედლაინი” შედის “პალიტრამედიას” შემადგენლობაში, შესაბამისად, მას გააჩნია, როგორც ვიდეო, აუდიო, ბეჭდური თუ ვებ მასალების წარმოების საკუთარი საშუალებები და მრავალრიცხოვანი პროფესიონალი კადრები, ასევე ინფორმაციის განთავსების სხვადასხვა მედიაპლატფორმები, რომლებიც ასევე შედიან “პალიტრამედიას” შემადგენლობაში. “ედლაინი” თანამშრომლობს სხვა ქართულ მედიასაშუალებებთანაც როგორც დამკვეთი ორგანიზაცია.
რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილთან ნათესაურ კავშირს, შპს “ედლაიანის”, ისევე, როგორც “პალიტრამედიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი თევდორაშვილი, ნამდვილად არის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილი.
ინფორმაციისთვის: “პალიტრამედია” დაფუძნებულია 23 წლის წინ და აერთიანებს 20-მდე კომპანიას, მედიის და მომიჯნავე სფეროებში.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ, რადგან დამფუძნებელი მინისტრის ნათესავია, ჩვენმა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ არ უნდა მიიღოს ტენდერსა თუ კონკურსში მონაწილეობა და არ შეასრულოს მომსახურება, რომელსაც დიდი მონდომებით, წარმატებით ასრულებს და ავითარებს, - ნათქვამია განცხადებაში.