პრეზერვატივების ქართული კომპანია 500 ლარით დაჯარიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამართალდამრღვევად ცნო „აიისა“-ს დამფუძნებელი, ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძე და იგი 500 ლარით დააჯარიმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ინდმეწარმემ, „აიისა“-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ასევე წარმოებულ პროდუქციაზე განათავსა არაეთიკური რეკლამა.

„სამართალდარღვევის ოქმის განხილვისას, სასამართლომ, წარმოებულ პროდუქციაზე განთავსებული რეკლამა, რეკლამის წარმოების და მისი გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევად მიიჩნია. ინდ. მეწარმე სუბიექტი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, ასევე მეწარმეს აეკრძალა პროდუქტზე განთავსებული არაეთიკური რეკლამების - „სამეფო კარი თამარში“ (წარწერა და გამოსახულება), „ძლევაი საკვირველი“ (წარწერა და გამოსახულება), „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა...“ (წარწერა), „მაკურთხებელი ხელი“ (გამოსახულება), გავრცელება/განთავსება (პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვ.) და დაევალა გავრცელებული/განთავსებული არაეთიკური რეკლამების ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არის არაეთიკური, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.