სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შიდა სერვერზე განხორციელებული კიბერშეტევის სავარაუდო და დაუდასტურებელ მოტივად კრიპტოვალუტის მოპოვება სახელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან კარანაძემ განუცხადა, დეტალები იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნიდან განხორციელდა შეტევა ან რა ოდენობის თანხას ითხოვდნენ, უცნობია.
მისივე განმარტებით, სააგენტოს ჰქონდა სარეზერვო რესურსები, რისი სისტემაში ჩატვირთვის შემდეგაც განხორციელდა ინფორმაციის აღდგენა.
„ჩვენი რესურსი გვქონდა დარეზერვებული, შესაბამისად, სარეზერვო ფაილებიდან მოხდა ინფორმაციის აღდგენა და სააგენტო ფუნქციონირებს შეუფერხებლად. ინფორმაციის წაშლა არ მომხდარა, განხორციელდა სერვერის დაბლოკვა და კონკრეტული ფაილების დაშიფრვა, რამაც გამოიწვია პროგრამული უზრუნველყოფის შეფერხებით მუშაობა.
როგორც კი განვახორციელეთ სარეზერვო ფაილების ჩატვირთვა სისტემაში, მუშაობაც დაუყოვნებლივ აღვადგინეთ. გამოვაქვეყნეთ ალტერნატიული ელექტრონული ფოსტის მისამართები და ჩვენს პარტნიორებთან, ავიაკომპანიებთან, საწარმოებთან, დაინტერესებულ პირებთან დროული კომუნიკაცია მოვახერხეთ იმისათვის, რომ შეუფერხებლად მიგვეწოდებინა სერვისები და მათაც შეძლებოდათ ჩვენთან დაკავშირება“, - განაცხადა ლევან კარანაძემ.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას აწარმოებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მათ სერვერზე კიბერ თავდასხმის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.
„მიმდინარე წლის 2 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა. კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს. თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად, სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები: safety@gcaa.ge; flightstandards@gcaa.ge; air@gcaa.ge; cds@gcaa.ge; office@gcaa.ge“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.