დედაქალაქში პარკინგის პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მყისიერად გადასაჭრელია - თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი ხედვა არის ევროპული სტანდარტის შესაბამისი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც თანაინვესტირების ფონდისთვის საპარკინგე ტერიტორიის 1 ლარად გადაცემის ირგვლივ ოპოზიციური პარტიებისა და მესამე სექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, სწორედ ასე წყდება ანალოგიური პრობლემა მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში.
„ე.წ. არასამთავროებისგან, რომლებიც უფრო პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისაგან“ ორკესტრირებული კამპანია, ახლა ღიმილის მომგვრელია, რადგან მაშინ დედაქალაქისადმი მათი „თავგადაკლული პატრიოტიზმი“ ნაკარნახევი იყო მხოლოდ იმით, რომ ამ საქმიანობას ახორციელებდა თანამედროვეობის ყველაზე მსხვილი ინვესტორი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, რომლის სახელიც დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ დაფუძნებასთან. დღეს კი რატომ დუმს ოპოზიცია, როდესაც მერია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს შესაძლებლობას, ჩაერთოს პროცესში და დედაქალაქში ერთ ლარად მიიღოს მიწის ფართობი პარკინგის მოსაწყობად“, - განაცხადა ბექა ოდიშარია.
მისი თქმით, თბილისში მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების 1 ლარად გადაცემის შესახებ საკითხის საკრებულოს დღევანდელი სხდომაზე განხილვა დროული და სწორია.
ბექა ოდიშარიას კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.