კურორტ Goderdzi Resort-ზე ზაფხულის ტურისტული სეზონი მიმდინარე თვის ბოლოს გაიხსნება.
როგორც კურორტის დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, Goderdzi Resort დამსვენებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება, რომელთა ნაწილი ზაფხულში მოეწყობა, ნაწილი კი მომავალ თვეებში.
მისი ინფორმაციით, ამჟამად კურორტზე უკვე მოქმედებს ერთი რესტორანი, რომელიც გასული წლის ბოლოს გაიხსნა.
„სეზონი მაისის ბოლოს გაიხსნება, თუმცა ტურისტები ახლაც გვყავს. შიდა ტურისტებისა და უცხოელი ტურისტების ნაკადს უფრო აქტიურად ველოდებით. რადგანაც ადგილზე კვების ობიექტი საერთოდ არ იყო, ადმინისტრაციული შენობა იჯარით გაიცა და გასულ წელს რესტორანი მოეწყო. ახლა კიდევ ერთი ადგილი შეირჩა, სადაც თანამედროვე რესტორანი მოეწყობა. ის კურორტის ცენტრში აშენდება და ზამთრის სეზონზე გაიხსნება“, - აღნიშნავს ჭურკვეიძე.
მისივე თქმით, მომდევნო წლებშიკურორტზე 100-დან 150 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება, რაც 10-ზე მეტი სასტუმროს მოწყობას გულისხმობს.
„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება დადებული აქვს 10-ზე მეტ კომპანიასთან სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. აქედან მშენებლობების ნაწილი უკვე დაიწყო, ნაწილი კი წლის განმავლობაში დაიწყება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზის მოწყობა. 1700 მეტრიანი გზა უკვე დასრულდა და დარჩენილ 1300-მეტრიან გზაზე ასფალტის საფარი იგება. ბეტონის საფარი დაიგება როგორც გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე, ასევე, კურორტ ბეშუმის გზამდე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კი კურორტამდე მისასვლელ გზას აკეთებს, რომელიც სავარაუდოდ, 2020 წელს დასრულდება.
სეზონზე ამ ეტაპზე სხვა არაფერია დაგეგმილი, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები ისედაც მიმდინარეობს და კიდევ რამე რომ დავიწყოთ, ტურისტულ სეზონს ხელს შეუშლის. ფიზიკურად დიდი აქტივობების დაგეგმვა მიზანშეწონილი არ არის“, - აცხადებს კურორტის დირექტორი.
რაც შეეხება ადგილზე ტურისტების გაჩერების საკითხს, ზურაბ ჭურკვეიძის განმარტებით, ამის პრობლემა არ დგას და კურორტი დღე-ღამეში 100-მდე ვიზიტორის მიღებას შეძლებს.
„ტურისტების ადგილზე გაჩერების პრობლემა არ დგას. დღე-ღამეში კურორტს 100-მდე ადამიანის მიღება შეუძლია. გვერდით მდებარე სოფელ დანისპარაულში არსებული „გესთ ჰაუსებიც“ დაახლოებით ამდენივე ადამიანის გაჩერებას შეძლებენ. ზაფხულში კურორტი მოთხოვნებს დაამაყოფილებს, მიწოდება შესაბამისი გვექნება.ზამთარში დატვირთვის კოეფიციენტი 77 გვქონდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გასულ წელს 30%-ით მეტი ტურისტი მივიღეთ. 50%-ზე მეტით იყო გაზრდილი იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ამოვიდნენ კურორტზე და ღამით დარჩნენ“, - აღნიშნავს ჭურკვეიძე.
რაც შეეხება რეკრეაციულიზონებს, რომლებიც ასევე მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებია, ზურაბ ჭურკვეიძის ინფორმაციით, მწვანე ტბის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება.
„მწვანე ტბასთან დაკავშირებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი აქვს გამოცხადებული. მაისის ბოლოსთვის განაშენიანების გეგმა იქნება მიღებული. ამის შემდეგ, უფრო კარგად გვეცოდინება, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ბიუჯეტში თანხა განსაზღვრულია და წელს მშენებლობას დავიწყებთ. ამასთან, მწვანე ტბაზე ნავსადგურიც მოეწყობა.
„გოდერძის ალპური ბაღის“ პროექტი კი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ეკუთვნის. როგორც ვიცი, ადგილი შემოღობილია, დამხმარე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას აშენებენ. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ძირითადი ნაწილი ზაფხულში დასრულდება“, - აღნიშნავს კურორტის დირექტორი.
„ალპური ბაღი“ გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, ე.წ. შქერნალის ტერიტორიაზე, კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო აღმოსავლეთით გაშენდება. როგორც ცნობილია, ბაღის მოწყობაში დაახლოებით მილიონნახევარი ლარი დაიხარჯება.
თეონა კენჭიაშვილი