უორენ ბაფეტის „ბერკშირმა“ „ეფლის“ 75 მილიონი აქცია შეისყიდა

მილიარდერ უორენ ბაფეტის კომპანია „ბერკშირ ჰეტუეიმ“ წლის პირველ სამ თვეში, „ეფლის“ 75 მილიონი აქცია შეისყიდა. ამის შესახებ CNBC-ს თავად ბაფეტმა განუცხადა.

„აიფონის“ მწარმოებლის აქციებით ბაფეტის დაინტერესება ბევრს აოცებს, რადგან ცნობილია, რომ ტექნოლოგიურ სექტორში მომუშავე კომპანიების აქციების შესყიდვაზე, ის წლების განმავლობაში უარს ამბობდა.

მაგრამ უკვე ორი წელია, რაც ბაფეტი „ეფლის“ აქციების შესყიდვით არის დაკავებული. თავიდან „ბერკშირმა“ მცირე პაკეტი შეისყიდა და მაშინ ეს ქმედება შეფასდა, როგორც „ბერკშირის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის დამოუკიდებელი ქმედება. თუმცა დროთა განმავლობაში, ბაფეტის კომპანიამ გააგრძელა „ეფლის“ აქციების შესყიდვა და ამჟამად მის ხელთ უკვე 240.3 მილიონი აქციაა, რომელთა ჯამური ფასიც 42.5 მილიარდ დოლარს აღწევს.

„თუ „ეფლს“ განვიხილავთ, პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ მისი შემოსავლები, თითქმის ორჯერ სჭარბობს შეერთეულ შტატებში მეორე ყველაზე მომგებიანი კომპანიისას“, - CNBC-თან საუბრისას განცხადა ბაფეტმა. „ეფლის“ აქციების შესყიდვის პარალელურად, მან გიგანტ „ინტერნეიშენლ ბიზნეს მეშინზის“ (აიბიემ) აქციები მოიშორა. საყოველთაო აღიარებით, „აიბიემში“ ინვესტიცია ბაფეტისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

ბაფეტი „ეფლის“ მთავარ აღმასრულებელ ტიმ კუკის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. თუმცა ამ კომპანიის აქციებით დაინტერესებას სხვა მიზეზი აქვს. საქმე ისაა, რომ უკვე დაახლოებით ორი წელია, რაც „ბერკშირს“ მასშტაბური შესყიდვა არ განუხორციელებია და თავისუფალი სახსრების სახით, 116 მილიარდი დოლარი დაუგროვდა. თავის ყოველწლიურ წერილში ბაფეტმა განაცხადა, რომ თავისუფალი სახსრების შესამცირებლად, გრანდიოზულ შესყიდვებს გეგმავდა.

პირველ კვარტალში „ეფლის“ შემოსავალმა 61.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, შარშან პირველ კვარტალში შემოსავალი „მხოლოდ“ 52.9 მილიარდი დოლარი იყო. ამასთან, კომპანიამ გამოაცხადა, რომ 100 მილიარდი დოლარის ღირებულების საკუთარი აქციების გამოსყიდვას გეგმავს.