ხორბალზე დაწესებულმა ახალმა გადასახადმა ფქვილი უკვე გააძვირა, 1 ტომრის ფასი 1,5-2 ლარით გაიზარდა.
რაც შეეხება მზა პურპროდუქტების გაძვირებას, მეწარმეები ამაზე ჯერ ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ნებისმიერი რეგულაცია როგორც საბითუმო, ასევე სარეალიზაციო ფასზე იმოქმედებს.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ხორბლის იმპორტიორებმა მოსახლეობას ფქვილის გაძვირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათი განმარტებით, ამის მიზეზი ფიტოსანიტარიული კონტროლის წესში მთავრობის დადგენილებით შესული ცვლილებებია, რომელთა მიხედვით, გენმოდიფიცირებაზე ანალიზი საქართველოში, ხორბლით დატვირთულ ყველა შემოსულ მანქანას უნდა ჩაუტარდეს. აქამდე ეს პროცედურა მათთვის უფასო იყო.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოსავლენად ლაბორატორიული კვლევის საფასურის დაწესების შესახებ იმპორტიორებმა იცოდნენ. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროს თენგიზ მარტიაშვილის თქმით, ყველა იმპორტიორი გადამხდელადაა რეგისტრირებული, მათ გააჩნიათ საკუთარი გვერდები, შესაბამისად, შეტყობინებები ყველას გაეგზავნა.
მარტიაშვილის ინფორმაციით, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც საკარანტინო მოსაკრებელი არ იყო განსაზღვრული და მთავრობის ამ დადგენილებით, ევროდირექტივა შესრულდა. ფული, რომელიც ამ მოსაკრებლით იქნება ამოღებული, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღჭურვას მოხმარდება.
"გადავდივართ ევროსტანდარტების შესაბამის სასაზღვრო კონტროლზე. მაგალითად, ადლიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს, უკვე გაიხსნა ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლისთვის შენობა, სადაც სრული ინფრასტრუქტურაა წარმოდგეილი, კამერამაცივრებითა და აღჭურვილობით, სადაც მაღალი დონის კონტროლის პროცედურები შეგვიძლია, შევთავაზოთ იმპორტიორებს. 2017 წელს გენმოდიფიცირებული სიმინდის შემოტანის ორი შემთხვევა დაფიქსირდა – 20 ტონის ოდენობით, რომელიც განადგურდა და ასევე იყო გენმოდიფიცირებული ლობიოს შემოტანის ერთი ფაქტი", - განუცხადა "საქმის კურსს" მარტიაშვილმა.
ფქვილის ფასი უკვე შეიცვალა და ცოტათი გაძვირდა - 1 ტომარა 1,5-2 ლარით. რა გავლენას მოახდენს იგი პურპროდუქტების ბიზნესზე, ჯერ უცნობია. მეპურეთა ასოციაციის თავმჯორმარე მალხაზ დოლიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ნებისმიერ სფრეოში ნებისმიერი რეგულაცია, საბითუმო და სარეალიზაციო ფასზე ასახვას ჰპოვებს, თუმცა მზა პურპროდუქტების გაძვირებაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია.
"მზა პროდუქტს რამდენად გააძვირებენ, ჯერ არ ვიცით, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ თვითღირებულებას რომ 2 ლარი დააწვა, ეს უკვე გასათვალისწინებელია. ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ტარდება, აუცილებლად აისახება შემდგომ ფასზე. კონტროლს ითხოვენ ხორბალზე და ამ დროს სიმინდზე უფრო უნდა მოითხოვონ ფიტოსანიტარიული კონტროლი, ვიდრე ხორბალზე.
რატომ ვუძვირებთ ამ ხალხს პროდუქტს, არ მესმის. ხომ უნდა გაითვალისწინონ, რომ სამომავლოდ თითქოს შეუმჩნევლად ყველაფერი გაძვირდება?
გენმოდიფიცირებული ხორბლის შემოტანის პრეცედენტი არ ყოფილა ადრე, მე არ მახსოვს ეს. ხორბალს გენმოდიფიცირება არ სჭირდება. რუსეთში მოვიდა რეკორდული მოსავალი, ეს იყო 150 მლნ ტონა. ხელოვნურ ბარიერს ვქმნით და ამით ვაძვირებთ პროდუქტის საბოლოო ფასს. ალბათ ვიღაც ამასაც სათავისოდ გამოიყენებს და თავად შემოიტანს უფრო დაბალფასიან პროდუქციას", -განუცხადა "რეზონანსს" დოლიძემ.
გენმოდიფიცირებაზე ანალიზი, რომელიც აქამდე უფასო იყო მთავრობის დადგენილებით, ფასიანი 27 მარტის დადგენილებით გახდა. ანალიზი ხორბლით დატვირთულ ყველა მანქანას უნდა ჩაუტარდეს, რაც 250 ლარი ჯდება.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"