ვალერიან გორგილაძე - ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივები პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მდგრადი ეკომიკური გარემოს შექმნასთან

სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ ქვეყანაში ჭარბვალიანობის საკითხი და ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია შეაფასა, რომელიც ორშაბათიდან შევა ძალაში.

"ქვეყანაში ჭარბვალიანობის საკითხი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მთავრობამ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არსებითი მსჯელობა დაიწყო და ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზებიც წარმოადგინა. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სასტარტო კაპიტალის რეფორმა, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, მცირე, საშუალო და დამწყებ ბიზნესმენებს მაქსიმალურად გაეზრდებათ სასტარტო კაპიტალზე წვდომა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრის ინიციატივას მხარს უჭერენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორები, მათ შორის ევროკავშირი, რომლის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ ინიციატივის მიმართ დადებითი განწყობა დააფიქსირა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ამავდროულად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას ახალ ინიციატივას მხარი ღიად დაუჭირა და აღნიშნა, რომ ბანკებისთვის საგარანტიო სტრუქტურის შექმნა, მცირე და სშუალო ბიზნესისთვსის იაფ დაფინანსებას მოიტანს", - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

მისივე თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემას გამოეხმაურა ეროვნული ბანკი და ახალი რეგულაციების შემოღების ინიციატივითაც გამოვიდა, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკებისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოთხოვნები უნდა იქნას შემოღებული.

"ეს ინიციატივა შემდეგ საკითხებს მოიცავს: 1. სესხის გაცემისას სავალდებულო გახდება შემოსავლების შემოწმება და ამავდროულად განისაზღვრება სესხის მომსახურების მაქსიმალური ლიმიტი, რათა მომხმარებელმა კრედიტის გადახდა მარტივად შეძლოს და ფინანსური სიძნელეები არ შეექმნას. 2. ლიმიტის დაწესება გამოიწვევს სესხების რესტრუქტურიზაციას და თუკი მომხმარებელს წარსულში სესხი მაღალ პროცენტში ჰქონდა აღებული, რეფორმის შემდეგ მისი საპროცენტო განაკვეთი შეიცვლება და არსებულ ლიმიტს დაექვემდებარება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ჭარბვალიანობის შემცირებას. 3. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 1 იანვრამდე მომხმარებელს სესხის დაახლოებით 300 %-ის გადახდა უწევდა, ამ დროიდან შემოღებული კანონის შედეგად კი, ეს მაჩვენებელი 100 %-მდე დავიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც რეგულაცია ამოქმედდება, საპროცენტო მაჩვენებელი 49 %-ს აღარ გადასცდება ანუ მომხმარებელს მინიმუმ 6-ჯერ ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს, ვიდრე ეს 2017 წლამდე ხდებოდა. აღნიშული რეფორმა პირდაპირ არის მიმართული ჭარბვალიანობის შესამცირებლად, და მიუხედავად კომერციული ბანკების მცირე ნაწილის კირიტიკისა, მას დადებითად აფასებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s. ორგანიზაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია შეამცირებს ჭარბვალიანობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. აღნიშნული და ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივები პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური გარემოს შექმნასთან, რაც პირდაპირპროპორციულად უზრუნველყოფს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ბიზნესის განვითარებასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, რაც დადებითად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ისე თითოეულ მოქალაქეზე", - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.