„საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა არის აზოტის ჟანგეულები და მტვერი“  - აჭარბებს თუ არა ნორმას ჰაერი დაბინძურების მაჩვენებელი

„ჰაერის დაბინძურების მიხედვით საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგებში არ არის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კვლევები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს სრულ თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებთან.

„ჩვენ თანხვედრაში ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებთან. ისინი ამ ინფორმაციას ჩვენგან და სატელიტური დაკვირვებებიდან იღებენ. არის ხოლმე მოსაზრება, რომ ჩვენი მონაცემების მიმართ სანდოობა დაბალია. ეს არაფრით დასტურდება, საკმაოდ თანამედორვე ტექნოლოგიები გვაქვს. თბილისში ორი წლის წინ იაპონური სადგურები, გასულ წელს კი ქუთაისში ევროპული სადგური დამონტაჟდა და მათი მონაცემების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზიის რუკაზე საქართველო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიხედვით მოწინავე ქვეყნების რიგებში არ არის“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ჰაერის ხარისხზე უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.

„დღეისთის სამი ავტომატური სადგური გვაქვს, რომლების საშუალებითაც ძირითად დამბინძურებლებს ვაკვირდებით. ეს არის უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები PM2,5 და PM10, აზოტის ჟანგეულები, გოგირდის ბიოქსიდი, ნახშირჟანგი და მიწისპირა ოზონი. ინფორმაცია აღნიშნული ნაწილაკების დაბინძურების დონის შესახებ ყოველწუთიერად ახლდება. იმისთვის, რომ დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტი ტერიტორია მოვიცვათ, ჩვენი სააგენტო ინდიკატორულ გაზომვებს ახორციელებს. სწორედ ამ გაზომვების შედეგებიდან ჩანს, რომ მთავარი დამბინძურებელი არისა აზოტის ჟანგეულები, თუმცა მათი დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები იშვიათ შემთხვევაში ფიქსირდება, სხვა შემთხვევებში კი საშუალო დოზით. ანუ ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა არის აზოტის ჟანგეულები და მტვერი, ანუ მცირე ზომის მყარი ნაწილაკები. სხვა დამბინძურებლები, მაგალითად გოგირდის ბიოქსიდი ევროპულ ნორმაზე რამდენჯერმე მცირეა. ეს იმის დამსახურებაა, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე ბენზინში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ, დიზელში კი 5-ჯერ შემცირდა“, - განმარტავს ნოე მეგრელიშვილი.

მისივე განცხადებით, იქ სადაც ავტოტრანსპორტის ნაკადი, საცობები დიდია, აზოტის ჟანგეულების მაჩვენებლები დასაშვებ ნორმებზე მაღალია: „ასეთია მელიქიშვილის გამზირი, 26 მაისის მოედანი (კოსტავას ქუჩისა და პეკინის ქუჩის ტერიტორია), მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორია და სხვა.“

ამასთან, ნოე მეგრელიშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებაში დიდი როლი აქვს ჰიბრიდული ავტომანქანებისა და ელექტრომობილების მოხმარების გაზრდას.

„2017 წელს ბენზინისა და დიზელის აქტივის გასახადი 2-3ჯერ გაიზარდა. მკვეთრად შეინიშნება საწვავის მოხმარების შემცირება და ჰიბრიდული ავტომანქანების მომრავლება. ასევე, წახალისებულია ელექტრომობილების იმპორტი, მათი განბაჟება არ იბეგრება, შესაბამისად, რაოდენობაც იზრდება. საწვავის მოხმარების შემცირება, მისი ხარისხის გაზრდა და სუფთა ტექნოლოგიების შემოყვანა აუცილებლად მოგვცემს მომავალში უფრო დადებით შედეგებს, ყველა ეს ღონისძიება გაწერილია თბილისის ჰაერის ხარისხის პროგრამაში, რომელიც მთავრობამ 2017 წელს შეიმუშავა.

ეს არისს 40-პუნქტიანი გეგმა. მასში არაერთ პროგრამაზეა საუბარი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე, გამწვანებაზე, სამშენებლო სექტორის რეგულირებაზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და ა.შ“, - აღნიშნავს მეგრელიშვილი.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მარტში ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვის მეთერთმეტე ეტაპის შედეგები წარმოადგინა. აპარატები (ინდიკატორული მილაკები) განთავსებული იყო 25 დასახლებულ პუნქტში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, კასპი, მცხეთა, ოზურგეთი,

ფოთი, სამტრედია, სენაკი, საჩხერე, ლანჩხუთი, ტყიბული, ჭიათურა, ხაშური, მარნეული, ბოლნისი, სიღნაღი, ყაზბეგი, ჩხოროწყუ. გაზომვა მოიცავს აზოტის დიოქსიდის, გოგირდის, ოზონისა და ბენზოლის კონცენტრაციის დადგენას. კვლევა ჩატარდა თბილისის 25 ლოკაციაზეც.

ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრანტების მაღალი ან ძალიან მაღალი ინდექსი არც ერთ ადგილას არ გამოვლენილა. შემოწმებული 25 ნიმუშიდან არც ერთი არ ხვდება მაღალი ან ძალიან მაღალი ინდექსის კატეგორიაში.

თეონა კენჭიაშვილი