წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით.
ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახეა, რომელიც “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსით“ შემოდის. წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და უსაფრთხოების წესები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ყოველწლიურად, საცურაო სეზონზე უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, ადამიანის დაღუპვის ფაქტები ფიქსირდება. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
“პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტზე მისულ სამსახურის მოსამსახურეებს ობიექტის შემოწმებაში ხელი ეშლებათ. კერძოდ, ობიექტის თანამშრომლები უარს უცხადებენ ობიექტზე მათ დაშვებაზე. ამდენად, მოცემული პრობლემის გადაჭრის მიზნით, პროექტში ასახულია შესაბამისი ცვლილება, რომლის დარღვევაც იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, ცვლილებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება ხანძრის ჩაქრობისათვის აუცილებელი საშუალების - ჰიდრანტის გამოყენების უზრუნველყოფისათვის სამართალდარღვევის სახე. კერძოდ, დგინდება წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, რომლის მიერ სახანძრო ჰიდრანტების მოვლა-პატრონობისათვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000-დან 5 000 ლარამდე. აღნიშნული პასუხისმგებლობა წყალსადენის ქსელის მფლობელს და ექსპლუატაციის გამწევ ორგანიზაციას იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მიღებული აქვს მიწერილობა სახანძრო ჰიდრანტების დაზიანების-ტექნიკური გაუმართაობის შესახებ და მასში მითითებულ გონივრულ ვადაში არ აღმოუფხვრია დაზიანება/გაუმართაობა.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოამზადა, რომელიც ინიცირებისთვის მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.