EPRC მთავრობის ფინანსური საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს

კვლევა მომზადდა პროექტის „ეკონომიკის სტიმულირების ანტიკრიზისული პაკეტი“ ფარგლებში.

კვლევის მიზანია საქართველოში დაამკვიდროს კრიზისის მართვის კულტურა და მთავრობას გაუწიოს ექსპერტული დახმარება ეკონომიკის სტიმულირების ანტიკრიზისული პაკეტის შექმნაში.

კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ:

• 2014 წელს იანვარ-მარტში ეკონომიკური ზრდის ტემპი გასულ წელზე მაღალია - წინასწარი მონაცემებით, იანვრის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 8%, თებერვალში - 5.4%, ხოლო მარტში 8,3 % შეადგინა.

• თუმცა, მაშინ, როცა ბიუჯეტი დაგეგმილია 8,5 პროცენტიან ზრდაზე, 2014 წლის I კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების განსაზღვრული გეგმა მხოლოდ 4,2%-ით აჭარბებს შარშანდელ მაჩვენებელს.

•  2014 წლის I კვარტლის გეგმა დანაკლისით შესრულდა გრანტების მუხლით, კერძოდ, განსაზღვრული 51,8 მლნ ლარიდან ჩამორიცხული იქნა მხოლოდ 3,2 მლნ ლარი.

•  2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განსაზღვრულია 9 080.0 მლნ ლარით. აღნიშნული ოდენობიდან პირველ კვარტალში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1 840.4 მლნ ლარი, რაც გეგმის 20%-ს შეადგენს; 2014 წლის I კვარტალში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯები მთლიანი ხარჯების 8,6%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც 2013 წელს ეს მაჩვენებლი იყო 10,9%, ხოლო 2012 წელს - 12,4%; 2013 წლის მთავარი პრობლემა წლის პირველ სამ კვარტალში ხარჯების დაბალი მაჩვენებელი იყო, რამაც საბოლოოდ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დანაკლისი და ბოლო კვარტალში ლარის კურსზე ზეწოლა გამოწვია; 2014 წლის პირველი კვარტლის ხარჯების მონაცემი ადასტურებს, რომ ეს ტენდენცია და საფრთხეები შენარჩუნებული და მეტიც - გაძლიერებულია;

•  2014 წლის ბიუჯეტში, 2013 წელთან შედარებით, ვალის მაჩვენებელი მნიშვნელოვანდ არის გაზრდილი - წელს მოსაზიდი საკრედიტო რესურსია 1,6 მლრდ ლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2013 წლის ფაქტიურ მაჩვენებელს, - 737,9 მლნ ლარს;

2013 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ:

• 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების ნაწილში წარმოქმნილმა დანაკლისმა 632,3 მლნ ლარი შეადგინა.

• გადასახადების მობილიზებაში შექმნილი დანაკლისი 2013 წლის ბოლოს არ დამდგარა. ის, რეალურად, თავდაპირველად დაგეგმილ მაჩვენებლებთან მიმართებაში მთელი წლის განმავლობაში დანაკლისით სრულდებოდა.

• ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის გარღვევის პარალელურად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც მნიშვნელოვანი ჩამორჩენით შესრულდა. კერძოდ, 2013 წელს დაგეგმილი 8,7 მლრდ ლარიდან გაწეულმა ხარჯმა 8,1 მლრდ ლარი შეადგინა;

ბიუჯეტიდან დაუხარჯავი 644,3 მლნ ლარიდან, 162.0 მლნ ლარი წარმოადგენს დონორების მიერ დაფინანსებული ინვესტიციური პროექტებისათვის გამოყოფილი ასიგნებების აუთვისებელ ნაწილს;

•  ფუნქციონალურ ჭრილში პროცენტულად ყველაზე დიდი აუთვისებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროზე მოდის - 174 მლნ ლარი დაუხარჯავი დარჩა;

•  2013 წელს დაახლოებით 524 მლნ ლარი შესაძლებელი იყო დამატებით მიმართულიყო ეკონომიკის ხელშემწყობი პროექტების დაფინანსებაზე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ეკონომიკური პროცესების შენელება;