„ბანკებში სესხები იმ ოდენობით უნდა გაიცეს, რაც მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთების განახევრებას გეგმავს.
„მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი აღნიშნულ საკითხზე ფინანსურ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს. ერთ-ერთი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება, ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებზე აუცილებლად დასაწესებელია ზღვარი. ჩვენი და ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრებით, ამ ეტაპზე შეგვიძლია ის, რომ საპროცენტო განაკვეთების ჭერი გავანახევროთ და შემდეგ უკვე ბაზარი გვიკარნახებს, რა დამატებითი ღონისძიებების გატარება შეგვეძლება“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, ე.წ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთებს სამართლებრივი პრიორიტეტები უნდა მიენიჭოს.
„აქამდე ხშირად იყო შემთხვევები, რომ ადამიანებს სესხის აღების დროს, კონტრაქტში უწერდნენ პროცენტს, მაგრამ შემდეგ არსებობდა ისეთი ტიპის ხარჯები, მაგალითად, სხვადასხვა საკომისიოები, რომელიც ამ პროცენტს აორმაგებდა და ხშირად აოთხმაგებდა. აქედან გმომდინარე, აუცილებელია, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის სამართლებრივი პრიორიტეტის მიცემაზე ვიფიქროთ. ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, საპროცენტო გამოხატულებაში მისი ხარჯი მაქსიმუმ რამდენი შეიძლება იყოს.
აუცილებლად უნდა დაწესდეს ჭერი და აუცილებლად უნდა შემცირდეს ის 100%-იანი ზღვარი, რომელიც ამოქმედებულია მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ 1-ელ იანვრამდე საერთოდ არ იყო ეს რეგულაცია და ხშირ შემთხვევაში, 300-400 პროცენტზე ადიოდა ის საპროცენტო ხარჯი, რასაც ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ. ვფიქრობ, და ესაა სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრებაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე გავანახევროთ ეს ჭერი და შემდეგ უკვე საბაზრო კონიუნქტურა გვიკარნახებს თუ რა დამატებითი ღონისძიებების გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით“, “, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთების ჭერის შემცირება, არამედ ე.წ. განკარგვად შემოსავლებზე ჭერიც დაწესებაც იგეგმება.
„ჭერი დაწესდება ე.წ. განკარგვად შემოსავლებზე, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს და ბანკებს ვალდებულება ჰქონდეთ, ისეთი ტიპის სესხი გასცენ, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობის ჩარჩოებში ჯდება. სესხები იმ ოდენობის უნდა გაიცეს, რომ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვეთ. დღეს ადამიანებს განკარგვადი შემოსავლების 70-80 %-ის კრედიტის მომსახურებაში გადახდა უწევთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.
თეონა კენჭიაშვილი